ვერავინ ვერასდროს გაიგებს,
ვერავინ ვერასდროს მიხვდება.
თუ რატომ ვისხედით დილამდე
მე და შენ გაყინულ ვერხვებთან.
თუ რატომ ჩავკიდეთ ხელები,
ბავშვურად სამყაროს ნაპირზე
და რატომ დავიწყეთ ოცნება
ლურჯად მოელვარე აპრილზე.
იმასაც ვერავინ გაიგებს,
სიტყვებიც უაზროდ მოცდება,
თუ რატომ ვუწოდებთ სიყვარულს,
ვარდისფერ პარიზულ ოცნებას.
ვერავინ მიხვდება გჯეროდეს,
იქნება თვითონაც ვერ ვხვდებით.
თუ რატომ მოვქარგეთ ღრუბელი,
იმედის ნამცეცა ნერგებით.
რატომ მოვიპარეთ აწმყო და
რატომ გადავღებეთ მომავლად,
რატომ დავამსგავსეთ ლექსები
სიყვარულისგან მომაკვდავს.
დავხატავ არეულ კარგებს და
მერწმუნე ვერავინ გაიგებს,
რატომ ჰგავს ლამაზი რითმები
ღრუბლიან პარიზულ ამინდებს.
ხომ გახსოვს რამდენი ვიბრძოლეთ,
ბრძოლაც ხომ არავის ესმოდა.
ცხოვრების მახვილი ეკლები,
ახლაც კი სისხლძარღვებს ესობა.
ისიც ხომ გახსოვს ერთად რომ
მოვქსოვეთ მთვარის ზღაპარი
და რომ წვიმაში, ცისკართან
მომართვი იასამანი.
ვერა ვერავინ გაიგებს,
თუ რატომ გვიყვარს ზამთარში,
თეთრი ზეცის ქვეშ დილამდე
ფიფქებთან უხმო ბაასი.
მაინც ვერავინ მიხვდება,
მაინც ვერავინ გაიგებს,
რატომ მიკრეფდი წვიმაში
სიყვარულისფერ ყვავილებს.
თვალებით მითხარი სათქმელი,
არ გინდა ხმამაღლა ყვირილი.
ისედაც არავის არ ესმის
ტყისა და ქარების ტირილი.
ისედაც ვერავინ მიხვდება
სამყარო რად ეტრფის ზეცას და
მზის სხივი ოკეანეზე
ტალღებთან რატომ ცეკვავდა.
იმასაც ვერავინ ვერ ხვდება,
ვარსკვლავი ზეცას რომ მოსწყდება,
რატომ გაგვიტაცებს სივრცეში,
ტკბილი შორეული ოცნება.
მე მაინც დაგხატავ ფერებად,
ცხოვრების ბედნიერ დღეებად.
ამყარო შენით იწყება და
მაინც ვერავინ ვერ ხვდება.
Melano Zukakishvili - Vardisferi Parizuli Ocneba
მელანო ზუკაკიშვილი - ვარდისფერი პარიზული ოცნება
No comments:
Post a Comment