მელანო ზუკაკიშვილი - ისე უბრალოდ

მოდი უბრალოდ გავერთოთ,
არ გვინდა გრძნობებით თამაში.
უბრალოდ ჩამკიდე ხელი და
წავიდეთ ყაყაჩოს ყანაში.

ისე, უბრალოდ მაჩუქე,
ყაყაჩოსფერი ღიმილი.
ისე, უბრალოდ, ბავშვურად,
ვცადოთ წვიმაში ტირილი.

მოდი წავიდეთ სადღაც შორს,
სადაც არ გვიცნობს არავინ.
ისე, უბრალოდ გავგიჟდეთ,
ზღვასთან გავშალოთ კარავი.

მოდი გიჟურად ვიცინოთ,
ზეცას სწვდებოდეს ხარხარი,
და ფეხშიშველმა ვირბინოთ,
გადაუღებელ თავსხმაში.

მოდი ჩამკიდე ხელი და
ისე, უბრალოდ მეცეკვე.
მოდი მოვძებნოთ ზღაპარში,
ლურჯა ცხენების მეეტლე.

რომ წაგვიყვანოს შორეულ,
ჯადოსნურ ფერად პოლუსზე.
სადმე ტროპიკულ ლანდშაპტში
ერთად ვეძებდეთ მოლუსკებს.

მინდა ოქროსფერ ქვიშაზე,
ყველა ვარსკვლავი დავიპყრო,
ტალღების ხმაზე გეცეკვო
კვლავ ცეცხლოვანი ფლამინგო.

ისე, უბრალოდ მინდა რომ
კვლავ ბავშვობაში დავბრუნდეთ,
მინდა იმდენი ვიცინოთ,
ბედნიერებით გავბრუვდეთ.

მოდი დამადე თავი და
ერთად ვუყუროთ მზის ჩასვლას,
იჩქარე სანამ ტალღები
ჩვენს საიდუმლოს ინახავს.

თორემ ხომ ხედავ დრო მიჰქრის,
როგორც ეს ლურჯა ცხენები.
მერე იცოდე ვინანებთ,
ჟამთა სვლას ვერ მოვერევით.

მოდი უბრალოდ გავერთოთ,
თორემ ცხოვრება გავიდა.
მოდი ჩამკიდე ხელი და
ისევ დავიწყოთ თავიდან.

Melano Zukakishvili - Ise Ubralod
მელანო ზუკაკიშვილი - ისე უბრალოდ

No comments:

Post a Comment