დამძიმებული -
საუკუნის, მუხთალის, ცოდნით,
ერთგვარი ნიჭით
და მედროვის მურდალი ცოდვით,
ნაპარპაშევი -
ლიქნით, ზაკვით, კაცის გაცემით,
ინტრიგის ხლართვით,
ზურგსუკან დაშნის ჩაცემით,
აღზევებული -
რით? - სახელის სყიდვით, ვაჭრობით,
სიბრიყვით ჩვენით,
უფრო ზუსტად - ჩვენი ლაჩრობით, -
უახლოვდება
კაცი იგი როდესაც ოთხმოცს,
როცა სინდისი
შეაწუხებს და პასუხს მოსთხოვს,
მაინტერესებს,
ერისკაცად შერაცხვა თვისი
რა ფიქრებს აღძრავს
გველაძუა მოხუცის ტვინში?! -
გაკვირვებულმა
ეს მე გკითხე მეგობარს სანდოს,
შენ გაგეცინა,
მთაწმინდისას დავცქერდით პლატოს,
(მანქანა ჩვენი
მიგვაფრენდა შინდისისაკენ...)
და შენ მითხარ:
- შეწუხება სინდისისაგან
შორსაა მისგან!
დიდი-დიდი - ნაგლეჯი ეჭვის:
„ღმერს მადლობაო,
ის, რაც იყო, არავინ იცის!“...
და კიდევ:
„მშვიდობით!
გაღმა სადგური მოჩანს!
აწ სააქაო
ფეხებს ვერ მომჩამს!“
Murman Lebanidze - Mainteresebs!
მურმან ლებანიძე - მაინტერესებს!
No comments:
Post a Comment