მუხრან მაჭავარიანი - ახალ საქართველოს

წინათ,
როდესაც შენი ზეცა იყო ყომრალი,
წინათ,
როდესაც შენს ქოხებში ქარი უსტვენდა,
როდესაც თავზე დაგჩხაოდა შავი ყორანი -
მაშინ მღეროდა
შენი ვაჟა,
შენი რუსთველი...

ახლა,
როდესაც
აღმავლობა შენი ასეთი -
ყველაზე მეტად საჭიროებს იმათ გენიას,
მაინცდამაინც
ახლა აღარ არის არც ერთი!
წარმოგიდგენია?!

მაგრამ
ისე არ დავარდება,
მჯერა,
აქლემი,
რომ არაქათი აღარ ჰქონდეს
აქლემს სახედრის...
ვიდრე მტკვარი და ალაზანი მიიკლაკნება,
ვიდრე არსებობს
იმერეთი,
ქართლი,
კახეთი,

არ შეიძლება
არ გიმღეროს ვინმემ იმ ძალით,
როგორც გიმღერა
დიდმა შოთამ,
დიდმა ვაჟამა,
რადგან
არასდროს არ ყოფილა შენი მიზანი -
დიდი იმდენად,
რამდენადაც
არის ამჟამად.

Muxran Machavariani - Axal Saqartvelos
მუხრან მაჭავარიანი - ახალ საქართველოს

No comments:

Post a Comment