მუხრან მაჭავარიანი - დავითი და კონსტანტინე

არც კი იცი, შეიძლება,
ნამყოს ცოდნის მოწადინემ,
ორი გმირი მხეიძენი, -
დავითი და კონსტანტინე.

ამბავია ძველისძველი,
იდგა მერვე საუკუნე
(უცნობია ზუსტად წელი),
ქართლს მოაგდო მტერმა ჰუნე.

ატყდა ბრძოლა საშინელი,
დედა შვილს არ აიყვანდა,
წყალს ითხოვდნენ დაჭრილები,
ბევრის გული გაიფატრა.

უცებ, როგორც ორბი ორი,
მტერს ეძგერნენ მარგველები;
მარცხნივ
კაცნი ახლდნენ ონით,
მარჯვნივ,
კაცნი თაკვერელნი.

რაი მერე?
იზამდენ რას?
მტერი იყო უთვალავი...
თავს სჭრიდნენ და უთავო ტანს
ებმებოდა ისევ თავი.

ჩეხდნენ,
ლეწდნენ,
კვეთდნენ.
მკიდნენ,
გულს გაჰქონდა ბაგაბუგი,
დავითისთვის კონსტანტინეს
მიებჯინა ზურგზე ზურგი.
ასე ერთურთს მიყრდნობილთა
წინ მრავალი გაიმძღვანეს...
ბოლოს მაინც სძლია ბინდმა
გმირთა ორთა ნათელ თვალებს.

. . . . . . . . . .

კაცნი მერვე საუკუნის
არ კვდებიან, გადის წლები,
სამშობლოსთვის დაღუპულნი, -
ორნი ძმანი მხეიძენი.

Muxran Machavariani - Daviti Da Konstantine
მუხრან მაჭავარიანი - დავითი და კონსტანტინე

No comments:

Post a Comment