შენი „წარწერა“
წავიკითხე ღვარძლიან ჯირკზე -
ბოროზდინზე და
ბოროზდინის ავყია წიგნზე...
მიმოიხილავს
რა რეგვენულად ძველ სამეგრელოს,
მაინცდამაინც
ვერ სვამს თურმე ჩვენს სადღეგრძელოს.
სატრაპი ტახტის,
იმპერიის ერთგული ძაღლი
ჩამოთრეულა,
დაუგდია თავისი სახლი,
ჩვენსას ჭამს ელარჯს,
ჩვენსას ითვლის ზვარსა და ვენახს,
მაზრის უფროსად
უცხო თესლი ბრძანდება სენაკს,
ჯდება და წიგნს წერს,
„ბარბაროსებს“ გვარიგებს ჭკუას,
გვაქებს, გვაგინებს,
განგვანათლებს, უღმერთოდ სტყუა:
ის ხომ ცაში ფრენს,
დავჭრიალებთ საწყლები ურმით, -
ჩამორჩენილი,
პრიმიტივი ხალხი ვართ თურმე...
ვართ ერთი სჯულის
(ეს კი არის!) და ერთი ღმერთის,
არ გვესმის, თურმე
რაც სიკეთე მას მოაქვს ჩვენთვის!
დაე, თუნდ წერდეს,
რომ მეგრელი, ფიცხი და მკაცრი,
არის გულადი,
პურადი დაკაცური კაცი,
მე გეთანხმები,
რომ საწყენზე ბევრად მეტია,
რაც მოუჩმახავს,
უთითხნია და უყბედია, -
ოღონდ, ქურდობას
რომ გვიხსენებს კოლხისგან ცხენის,
მაინცდამაინც
აქ ვერ ვხედავ საფუძველს წყენის...
მინდა გეხუმრო:
ცხენის ქურდი რათა გწყენია?!
ცხენს იქ იპარვენ,
ძროხის ნაცვლად სადაც ცხენია!
არის თხა, ძროხა, -
ხორცეული, - საქურდალად მათის,
ცხენის ქურდობა
რით არა სჯობს ქურდობას ქათმის?!
ქურდობა ცხენის, -
თავგანწირვა მამაცი ქურდის, -
ლამაზი ქალის
მოტაცებას, წართმევას უდრის!
სეხნიავ ჩემო,
თავგანწირვას მისას დიდება! -
ცხენს ის წაგვართმევს,
ვისაც შეჰფერის, ვისაც სჭირდება...
რაიც ბოროზდინს
შეეხება, - დაგვყურებს მაღლით,
შენ მართალი ხარ,
თვისად უჩანს ეს ჩვენი სახლი...
უშიშრად ჰფატრავ
და ტყავგახდილს უშაშრად შიგნი...
მეც წამაკითხე,
თუ კაცი ხარ,
მაგ კაცის წიგნი!
Murman Lebanidze - Sheni Warwera Wavikitxe Gvardzlian Jirkze
მურმან ლებანიძე - შენი წარწერა წავიკითხე ღვარძლიან ჯირკზე
No comments:
Post a Comment