ძმითა ხარ მთვრალი!
ძმობა ჩემგან გინდა რაშიღა!
უნდა გაგიტყდე: -
ხარ ნაღდი კაცი!
კაცი კი არა, -
ალიკვალი გარიჟრაჟი ხარ! -
კაც კაცობას უკეთუ გაცლის.
შენ საქართველოს ეძებ მიწაში,
მე ვცდილობ ცაში ვიპოვო იგი,
(ერთხელ, ვეწვიეთ როცა ბიძაშენს,
ეს, თუ არ ვცდები,
პირველად იქ ვთქვი)
ვიპოვით?!
- კიო -
ვისმენ ზოგჯერ გულისას ძახილს.
თიმთიმებს ფიქრი,
როგორც სუნთქვით დიაცის რიდე.
ვიპოვით! -
რადგან,
როგორც დევი -
ქართველი ხალხი, -
თავს
იმდენს
ისევ
მყის
იბამდა, -
რამდენსაც სჭრიდენ.
იქნება მტერი,
ღმერთო ჩემო,
ჰოი, რა ცოდვა
(მტერი კი, აბა, ვის არა ჰყავს
შენც კარგად იცი):
შენ ფარნავაზის რომ იპოვო
საფლავის ლოდი,
მე ვთქვათ, თვით შოთას ხელით ქმნილი
პოემა მისი.
ვიპოვით?!
- კიო! -
ახლაც ვისმენ გულისას ძახილს.
თიმთიმებს ფიქრი,
როგორც სუნთქვით დიაცის რიდე.
ვიპოვით! -
რადგან
დღევანდელამდე
ქართველი ხალხი, -
თავს
იმდენს
ისევ
მყის
იბამდა, -
რამდენსაც
სჭრიდენ.
Muxran Machavariani - Vipovit?!
მუხრან მაჭავარიანი - ვიპოვით?!
No comments:
Post a Comment