არც მოსვენება, არც დამშვიდება,
არც გამჭირვალე დღეები ქარვის...
შენი ტანჯვა და შენი კირთება
არ დააბრალო, პოეტო, არვის!
და, თუ სიცილით პირაქეთ გკითხომ:
რად, რისგან გულში ნატეხი ხანკლის?! -
უპასუხე, რომ შენშია თვითონ,
შენშია თვითონ მიზეზი ტანჯვის.
თორემ გახედე, თავის გზით მიდის,
მშვენივრად ბრუნავს ცხოვრების ჩარხი,
აჰა, ბატონო, იცინის კიდეც,
იცინის შენი მშობელი ხალხი!
შენ თავაშვებულ ოცნებას გაჰყევ,
შენ გაიმეტე ცხოვრება ზღვისთვის,
შენ რაღაც მეტის სიზმრები ნახე, -
მეტი გინდოდა შენთვის და სხვისთვის!
უპრიანია პირაქეთ გკითხონ:
რად, ვისგან გულში ნატეხი ხანჯლის?!
უპასუხე, რომ შენშია თვითონ,
შენშია თვითონ მიზეზი ტანჯვის!
იყუჩე ესრეთ, - მზე პირს დაიბანს,
გამოვლენ როსმე დღეები ქარვის...
შენი ტანჯვა და შენი ვაება
არ დაამადლო პოეტო, არვის!
Murman Lebanidze - Arc Mosveneba, Arc Damshvideba
მურმან ლებანიძე - არც მოსვენება, არც დამშვიდება
No comments:
Post a Comment