მელანო ზუკაკიშვილი - ქვიშის საათი

სიცოცხლისფერი თვალით მიმზერს მხარე ედემი,
დიახ, ქართული სალოცავი, ხატი, სანთელი...
ნუგეშს ზომბებით აქოთებულ სხვენში ვეძებდი,
ღიმილს ზეციურ სამყოფელში ცისკარს ვართმევდი.

ცად მიმავალი, უფსკრულეთის ქიმზე აღმოვჩნდი,
ვერ მივუსწარი ოკეანის ცისფერ ხომალდებს.
შენც იადონო, უიმედო სონეტს გალობდი,
ცხოვრება წიხლს მკრავს და მომაკვდავს სადმე მიმაგდებს.

ახმიანდება სისხლისფერი წვიმის სკულპტურა,
დარდების ლავა მომეყრდნობა გულის ფიცარზე.
ბედის ბორბალი იტრიალებს კვლავაც უკუღმა,
რა ვქნა სიცოცხლის სიდიადე ჯერ ვერ ვიწამე.

ღამე მოისხამს ყვავებისფერ მძიმე მოსასხამს,
და აყმუვლდება ძუ სიბნელე ჩემს სასთუმალთან.
გულს ამომგლეჯენ დაცემულს და თითქმის მომაკვდავს,
მზერაში წარსულ დღეთა ხიბლი ცად გასურათდა.

კვლავ აენთება რუანელთა მწვავე კოცონი,
კვაზიმოდოს კი იპოვნიან ისევ ნოტრ-დამთან,
ო, დედამიწავ იყო დრო, რომ ძლიერ მომწონდი,
ახლა შენს გულში მომაკვდავთა ღვარძლი მომრავლდა.

ვეღარ ვკრეფ ცოდვილთ სამყოფელში ფერად ლიანებს,
თუმცა კვლავ ვდგავარ, შეურყევი ქვიშის საათზე,
დღეს ბედისწერა თეთნულდების მწვერვალს მიაღწევს,
სიცოცხლის წამად გაელვებავ, ჯერ არ დამთავრდე.

Melano Zukakishvili - Qvishis Saati
მელანო ზუკაკიშვილი - ქვიშის საათი

No comments:

Post a Comment