მელანო ზუკაკიშვილი - ნათების აღლუმი

ზეცად აფრინდნენ სამარხები უკვდავებისა,
მზის ანარეკლზე გიზგიზებდა ჟინი სიცოცხლის.
სიმძიმით მოხრილ გალაქტიკას სითბო ეღირსა,
შხამად დაღვენთილ ბაგეს ეცვა მზერა სიმორცხვის.

მე ჩემი ზღვა მაქვს, უნაპირო მარადისობის,
ცის ოკეანეს კვლავ მიაპობს მავზოლეუმი.
სიბილწის ღრმულებს ამოავსებს ჟამი ცის თოვის
და ძალა რწმენის წვიმად მოვა, გამოლეული.

იასამნებად ატყორცნილი ლურჯი ნათება,
მთვარეს ჩააცვამს სისპეტაკის ცისფერ მანტიას.
თეთრი ლექსები სამარხიდან მკვდრეთით აღსდგება,
და გრძნობა წრფელი დაატყვევებს სივრცის არეალს.

ცეცხლად მოსული ელვარებდნენ პირამიდები,
პლანეტებს თეთრი მარგალიტის კაბა ემოსა.
ცურვით ზმანების ოკეანეს ვინაპირებდი
და უკვდავებამ მოჩირაღდნე ალით შემმოსა.

დღეს უიღბლობა ჩავასვენე ღრუბელთ კუბოში
და ზღვისფერ რაშებს გავატანე ოქროს ეტლებით.
თეთრი გიორგის სახე ელავს კოლხურ სუროში,
არ დაიდარდოთ, ჩვენ ნათების აღლუმს შევხვდებით.

Melano Zukakishvili - Natebis Aglumi
მელანო ზუკაკიშვილი - ნათების აღლუმი

No comments:

Post a Comment