თუ არ მიწერია გამარჯვება,
მე არც სამარცხვინოდ დავმარცხდები.
წავალ ბებერ კლდეებს ვინახულებ,
სადმე მთის ფერდობზე დავსახლდები.
ფეხით შემოვივლი საქართველოს,
ყველა მიუვალ და კლდოვან ნაპირს.
ვნახავ ვარძიას და დავით გარეჯს,
მოხუცს წყალს მივუტან ოქროს ჩაფით.
დილით მზის ამოსვლას დავუხვდები
ფეხშიშველი ცვრიან ბალახებზე.
ღამე ჩემი ხელით ჩამოვკიდებ
ცაზე გალაქტიკის მანათობლებს.
ლექსებს სიმღერებად მოვუქარგავ,
ტკბილად აფხაზეთს და სამაჩაბლოს.
გულში ჩავიხუტებ იმ სამშობლოს
ქართველმა რომ თავი ანაცვალოს.
მერე ვესტუმრები რაჭა-ლეჩხუმს,
სვანეთს, გურიას და სამეგრელოს,
ფესვებს იმხელაზე გავიდგამ რომ
სრულად შევერწყმები საქართველოს.
ბოლოს მივაშურებ მზიან კახეთს,
მტევნებს ხელის გულზე დავამწიფებ.
გულ-მკერდს დავუკოცნი ქართულ მიწას,
მანდილს დედისას არ გავაწბილებ.
გამჩენს დავულოცავ ლეონიძეს,
ვაჟას, ილიას და გალაქტიონს.
თუ არ მიწერია გამარჯვება,
მაშ არც დავმარცხდები სამარცხვინოდ.
Melano Zukakishvili - Gulis Eqo
მელანო ზუკაკიშვილი - გულის ექო
No comments:
Post a Comment