მურმან ლებანიძე - "ჯუჯა სალდათი ბინოკლს ჩააკვდა"

ჯუჯა სალდათი ბინოკლს ჩააკვდა
შენიშნა შორს:
თოვლში იდო და ბეწვი არ აკლდა
ცხენისას მძორს.

რაღაც ანიშნა სალდათმა სალდათს,
„კასტილებს“ წასწვდა,
ცივად მოსცილდა ჰოსპიტლის ფარდას,
კარებთან გაჩნდა.

„კარდალი! დანა!“ - ეს იყო აზრი,
ითქვა მუნჯურად.
„მერე ასანთი?!“ - დაჭრილმა დაჭრილს.
ჰკითხა ჩურჩულით.

სხვა დაჭრილებმა თვალები სჭყიტეს,
ხერხს მიხვდნენ ნაცადს,
და უთხრა ერთმა ჯუჯას და ყვითელს:
„არ მოგცემთ ასანთს!

მსუბუქად დაჭრილთ ქვეყანა დაგრჩათ!
ჩვენ წოლით ვლპებით,
თქვენ ველად ჰყრიხართ,ცხენის ლეშს ხარშავთ,
წახვალთ და სძღებით!“

„შევრიგდეთ! - ეს თქვა სალდათმა ჯუჯამ, -
მდურებას მოვრჩით!
რაც იყო - იყო! ცხენის ხორცს თუ ჭამთ,
დაგაძღებით ხორცით!“

„მიეცი! - უთხრა მძიმედ დაჭრილმა
ასანთის პატრონს, -
გავუსწორდები, თუ კაცი ვარ,
მე მაგათ სხვა დროს!“

ბალიშქვეშ შეჰყო დაჭრილმა ხელი -
„ტფუ!“ - ზიზღით მოსჭრა,
გამოიღო და კოლოფი ჭრელი
სახეში ტყორცნა.

ჰაერში სტაცა კოლოფს ბრჭყალი და
ითაქა ჯიბეს;
გამოიხურა ორმა კარი და
ჩამოჰყვნენ კიბეს;

გალიპულ კიბეს ჩამოჰყვნენ ფრთხილად,
შიშობდნენ სხლტომას,
თოვდა და თოვლში შევიდნენ წყვილად
და მიჰყვნენ თოვას...

და თოვლში დიდხანს ვიდოდა ორი
და იმ ორისგან
გზა იდო თოვლში შორი და სწორი
ცხენის მძორისკენ.

უცბად შენიშნეს სხვა დაჭრილები
და შედგნენ ცივად:
თოვლს მისტოპავდნენ თავდახრილები,
ვიდოდნენ მწკრივად...

და ცაშიც, ცაშიც, - შორი მგზავრები
მკვდარი მთა-ველის, -
დიოდნენ გუნდად მძორისმჭამლები
წყნარი ხავილით.

იდგა ხავილი ცად ყორნის, ზრდილის,
ყაყანი ჭკების,
და ათასობით მოძრავი ჩრდილი
იმათი ფრთების

თოვლს აბნელებდა, ბურავდა თალხად
მძორისკენ სავალს,
გადიოდა ტალღად და ტალღად
თოვლიან ტრამალს.

მძრომი, ფრინველი, კაცი, ცხოველი, -
შეძრული ბრძოლისგან, -
ეშურებოდა არსი ყოველი
თოვლში მძორისკენ...

მეც, მეც იქ ვიყავ - შეჭირვებული
ზამთრით რუსულით...
თოვდა და თოვდა, თოვდა და თოვდა,
თოვდა ბუზღუნით.

Murman Lebanidze - Juja Saldati Binokls Chaakvda
მურმან ლებანიძე - ჯუჯა სალდათი ბინოკლს ჩააკვდა

No comments:

Post a Comment