კარგა ხანია კარგად, ვიცი, სამშობლოვ ჩემო:
ოსტატობისა ფრიად ბევრმა არ იცის გემო.
თვით რუსთველიც კი,
ვით ოსტატი,
ვინც ყველას სჭარბობს,
პირველ ყოვლისა
ხოტბაშია სიბრძნისა გამო.
მიუხედავად ამისა, მაინც -
ოსტატი ჩვენში
იყო და არის.
ვინც ყრუ ადგილას გამოძერწა კანკელი სპეთის,
ვინ იქნებოდა
ჭეშმარიტი ოსტატის მეტი?!
ვინც ნიკორწმინდით არაერთი დასტოვა სახტად,
ვინ არის იგი?! -
დიდოსტატი თუ არა ნაღდი?!
ოსტატთან ერთად,
ამიტომაც, სამშობლოვ ჩემო,
დღე დიდი ყველას, -
ოსტატობის ვინც იცის გემო;
ვინც, სამწუხაროდ
(ჩემზე უკეთ შენ უწყი ღმერთო),
დღესაც, ვით უწინ,
ცოტაა ერთობ.
Muxran Machavariani - Dge Didi Yvelas, - Ostatobis Vinc Icis Gemo
მუხრან მაჭავარიანი - დღე დიდი ყველას, - ოსტატობის ვინც იცის გემო
No comments:
Post a Comment