წევს ერთ საბანქვეშ სამი ბიჭი, – მამით ობოლი,
ჩაქრობაზეა ქოხში ბუხარი.
ქოხის ფანჯარას ენარცხვის თქეში.
ცეცხლთან ჯორკოზე თვლემს ქვრივი ქალი:
–დამეზრდებიან ბიჭები მალე,
ქოხის ადგილას წამოდგამენ ქვიტკირის ოდას,
მეც გავიმართო ეგება წელში!.. ...
. . . . . . . . . .
ზის აივანზე შუახნის კაცი,-
უკვე ჭაღარაშერეული, ჟღალი.
მიჩერებია ეზოში ნერგებს
(მან შარშან ამ დროს დარგო ისინი):
–დაიზრდებიან ნერგები მალე,
მე მათ ჩეროში დავჯდები ხოლმე,
მეწვევა ზოგჯერ სტუმარი კარგი, -
და დღეს დღეისას მოვიგონებ ღიმილით მაშინ
. . . . . . . . . .
ღმერთო თავისი გაუმართლე ოცნება ამ ორს,
თვალები შეგიძლია შემდეგ ამოუღამო.
Muxran Machavariani - Wevs Ert Sabanqvesh Sami Bichi
მუხრან მაჭავარიანი - წევს ერთ საბანქვეშ სამი ბიჭი
No comments:
Post a Comment