მურმან ლებანიძე - "დაპატარავდა ჯამაგიძის ქალი საყვარლად"

დაპატარავდა
ჯამაგიძის ქალი საყვარლად, -
სათნპ, კეთილი,
ცალუღელა მთიული ქალი, -
ჩვენი ვახტანგის,
გორგანელის, საწყალი დედა, -
ჩმუ, უთქმელი,
ობლობაში პოეტის მზრდელი, -
დაპატარავდა,
გაილია ცელის ქვასავით...
სადღა იყო - ჯარასავით მისი ტრიალი!
ჩაგვივარდა
ერთ დღეს ლოგინად,
მშვიდობითო, -
თვალებით გვითხრა...
ჩავაბრძანეთ მუხის ჭურჭელში,
აქეთ-იქიდან
შემოვუწყეთ
ყვავილი
ნამჯად,
გავალამაზეთ
ამაგდარი დედილა ჩვენი...
 კი, შევყარეთ მილეთის ხალხი,
გადვუხადეთ პანაშვიდები,
მივაბარეთ თბილისის მიწას...
დაჰხურეს ხუფი
უბოროტო ღვთისნიერ სახეს..
რა დარჩა მისგან, ძმაო ვახტანგ,
გადიდებული სურათის და
ტკივილის მეტი?!
დარჩა -
ვეება, საკვირველი სიცარიელე!
დარჩა -
მკივანი მოგონება და სიბრალული!
„ჩემი ვახტანგა!“ -
ხმა ჩამესმა ანაზდად ყურში,
„მიეხმარეთო ერთმენეთს ძმურად!“
„ არ იყოსო, შვილებო, ღალატი!“ -
იტყოდა ხოლმე საკურთხეული...
ვიდექ საფლავთან
უხერხულად ფრთააწურული...
დავაკლეთ რამე,
ძმაო ვახტანგ, დედილას ჩვენსას?!
ოჰ, არაფერი, არაფერი, ჩემო ძამია!
ხომ შემოვუწყვეთ -
ყვავილი ნამჯად,
ჩავუჭუჭკეთ -
აბრეშუმები,
შევუდგით ბეჭი -
მუხის ჭურჭელს,
წავიღეთ ციმციმ...
შენ ნურას სწუხარ,
საიქიოს ლურჯია ჰაერი,
ჩვენც იქითა ვართ მიმავალი
დღესა თუ ხვალე,
გაგვისწორებენ
წაქცეულებს დაღრჭენილ ხახას, -
ესრეთ
ჩვენს ამაგს გარდიხდიან
ჩვენი შვილები!

Murman Lebanidze - Dapataravda Jamagidzis Qali Sayvarlad
მურმან ლებანიძე - დაპატარავდა ჯამაგიძის ქალი საყვარლად

No comments:

Post a Comment