კარგო,გარეთ ზაფხული ფიანდაზად გეგება,
ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემოგცინებს ალუჩა,
ერთხელ ხმა რომ გაგეცა,სათქმელი მაქვს ეგება,
დუმილს ბოლო არ უჩანს,დუმილს ბოლო არ უჩანს.
კარგო,შენი ღიმილი,ნარინჯებით,მარჯნებით,
ანათებდა ცის კიდეს,ჩემი სულის ყველა წრეს,
როცა ერთად დავრჩებით,როცა მარტო დავრჩებით,
გეტყვი როგორ მომაკლდი,გეტყვი რომ მომენატრე.
კარგო,შენი თვალები,მშფოთავ ორაგულებით,
იცი როგორ მატყვევებს?მხოლოდ ჩემია თითქოს,
მთელი ქვეყნის სამისნო მისი ორაკულებით,
სილამაზის სამსხვერპლოდ შენ ერთს,მხოლოდ შენ გითხოვს.
კარგო,შენი თმის ზვირთი,მდინარის ტალღებივით,
მიხმობს მასში დავიხრჩო,მიმათრევენ მორევში,
მინდა ისე გვიყვარდეს,უმწიფარ ბალღებივით,
ნეტავ ახლოს მოგეშვი,ნეტავ ახლოს მოგეშვი!
კარგო,შენი სამყარო,დაკარგული იების,
სულს მიშფოთებს იმ დღიდან,რაც დავტოვე ეს მხარე,
შენში ისევ თუ დაძრწის ღმერთი შურისძიების,
გვიან არ იყოს ხვალე,გვიან არ იყოს ხვალე...
კარგო,შენი ღალატი რომ შეფასდეს ვაშლებად,
სოფელი ბობოქრობდეს,იყოს შენი მგმობელი,
ხმელზე როცა ყველა ზღვა ცის ცრემლებად დაშრება,
მე მხოლოდ შენ მოგელი,მე მხოლოდ შენ მოგელი!
კარგო,გარეთ ზაფხული ფიანდაზად გეგება,
ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემოგცინებს ალუჩა,
ერთხელ ხმა რომ გაგეცა,სათქმელი მაქვს ეგება,
დუმილს ბოლო არ უჩანს,დუმილს ბოლო არ უჩანს.
Lasha-Giorgi - Kargo
No comments:
Post a Comment