ლაშა-გიორგი - გასაუბრება ტიციანთან

ჩვენ არ ვწერთ ლექსებს,ლექსი თვითონ გვწერს,
და ეს გვაერთებს ჩემო ტიციან,
ეცოდინება ასე ყველა მტერს
და მეგობრებმაც ასე იციან

შენი ლექსები ითხოვდა ლამფას,
დრო იდგა მუშა კლასის შენების,
ჩვენ არ ვიცნობდით აშოტს და მამფალს,
ეპოქას ავცდით აღმაშენებლის.

მაგრამ არასდროს არ დაკარგულა
მართალი კაცის ბასრი კალამი,
აგერ,ია და ვარდი დარგულა
ძველ ნატერფალზე ვაჟას ქალამნის.

დაბადებულო აპრილის თვეში,
მოვარდნილიყავ,როგორც მეწყერი,
ცრიდა სითეთრე და წვიმის თქეშით,
გალუმპულიყო ღობე მეჩხერი.

ბედნიერება პოეტს ვინ მისცა,
რადგან პოეტი თეთრი გედია,
გწვავდა ქართული ზეცა და მიწა,
გწამდა გელათი,გწამდა ბედია.

ჩვენ არ ვწერთ ლექსებს,ლექსი თვითონ გვწერს,
და ეს გვაერთებს ჩემო ტიციან,
ეცოდინება ასე ყველა მტერს
და მეგობრებმაც ასე იციან.

Lasha-Giorgi - Gasaubreba Ticiantan

No comments:

Post a Comment