ლაშა-გიორგი - ფეხშველა გვეპარება გაზაფხული

ფეხშველა გვეპარება გაზაფხული,
სუსხი ჯერაც დაქრის მოშიებით,
თებერვალი გვიმზერს დაზაფრული,
დაბლა დაფრინავენ შოშიები.
მარტი ახლოვდება შფოთიანი,
კვირტნი მოყვებიან ორსულები,
სიმღერები ისმის ლოთიანი,
ქართულ მარნებიდან მოსულები.
ღამით დამესიზმრა აპრილი და
მაისს მოათრევდა დიდი ჯაფით,
მკლავი მკლავში ჰქონდათ გაყრილი და
ზეცა მოერღვიათ ცისფერ ძაფით.
მთვარე ღრუბლებიდან იფშვნიტება,
სახედასერილი,მერცხლისფერი,
ცისკარს გაუღიმეს ლიფსიტებმა,
კუდი გაიქნიეს ვერცხლისფერი.
და მე მიხარია შენი ეზო,
თვალებს რომ მიფეთებ გიშრიანებს,
ჩუმად ეცინება ახალ სეზონს,
ქარი ჭრელ კაბას რომ გიშრიალებს.
ფეხშველა გვეპარება გაზაფხული,
ყეფით შეეგებნენ გოშიები,
თებერვალი გვიმზერს დაზაფრული,
დაბლა დაფრინავენ შოშიები.

Lasha-Giorgi - Fexshvela Gvepareba Gazafxuli

No comments:

Post a Comment