ლაშა-გიორგი - ალუბლების ყვავილობამ გაზაფხული მახარა

დღეს დუქნები აღარა გვაქვს,ჩაენაცვლა ბარები,
ზიმზიმებენ გოგონებით,წითელ ვარდთ სადარები,
მე კი მინდა რომ ვაჭამო სილა მსუქან მიკიტანს,
გავაჩერო ფაეტონი,სახლამდე რომ მიმიტანს.


შებინდდა და მცხეთის გზაზე ავედევნე ავტოებს,
დავუჩოქებ სვეტიცხოველს,სუყველა რომ დამტოვებს.
მაგრამ ლოცვას ვიღა ჩივის,გზად მომჩხავის ყორანი,
"უღმერთოებს არ გიშველით ბიბლია და ყურანი!"

გავექეცი,მცხეთის გზებზე ჰე რამხელა ნისლია,
და არაგვის ნაპირებზე უსაშველო ისლია,
გაგიხსენებ,ეგ თვალები სხვარიგ შემომეფეთა,
ძველ სატახტოს ოხშივარი ასდის ქართველ მეფეთა.

ყველა ბილიკს დამღად აზის ზერდაგების ნალები,
და შოლტივით მცემს სახეზე ეგ შენი დალალები,
უკვე დროა ავედევნო ნაგვიანებ ავტოებს,
შენზე ფიქრში გავათენო,სუყველა რომ დამტოვებს.

უკანა გზას მინათებდა სისხლისფერი ყაყაჩო,
დილის ცვარი გაისწორა და სურნელით დამახრჩო,
კისკისებდა,ამედევნა ჩემი სახლის კარამდე,
ერთგულება შემომფიცა შემოდგომის ქარამდე.

ახლა კიბეს ავუყვები,გადავფურცლავ გელოვანს,
და ცრემლებით მოვიგონებ ყველა ნამდვილ ხელოვანს,
ყაყაჩოს და ყორნის იგავს დრო წაიღებს ტიალი,
მეც გამაქრობს ამ სამყაროს უქმი ორომტრიალი.

დღეს დუქნები აღარა გვაქვს,ჩაენაცვლა ბარები,
ზიმზიმებენ გოგონებით,წითელ ვარდთ სადარები,
მე კი მინდა რომ ვაჭამო სილა მსუქან მიკიტანს,
გავაჩერო ფაეტონი,სახლამდე რომ მიმიტანს.

თვეები წლებს აედევნა,როგორც ყვავებს ბახალა,
ალუბლების ყვავილობამ გაზაფხული მახარა.

lasha-giorgi - alublebis yvavilobam gazafxuli maxara

No comments:

Post a Comment