ლაშა-გიორგი - ჩემი დედაქალაქი

მიყვარს ჩვენი სნობი დედაქალაქი,
სადაც ყველა ნიჭიერი ზანტია,
კომერსანტი,პროკურორი,დალაქი,
აფერისტის ურჩევნიათ მანტია.

ჩემი საქმე ამ ჩემს ყელზე ბანტია,
გოგირდია და აბანოც თბილია,
აქ ხომ ყველა ჰეგელი და კანტია,
წიწამურზე ტყვიას ელის ილია.

აქ დღითი-დღე თანაბრდება გენდერი,
წარსულს გაჰყვა დრო როდესაც ვტიროდით,
ვიღაცამ ხომ არ ჩააწყო ტენდერი?
მე აშკარად ყველას ვჯობდი პირობით.

არ ილევა შენს ქუჩებში მიტინგი,
გაჰყვირიან სახეები ნეტარი,
ჩაატარე შენც ხანდახან ბრიფინგი,
თუკი გინდა გახდე პარლამენტარი.

წესით ყველა კანია და ძვლებია,
თუმც მუშტარი არ აკლია რესტორანს,
ბინდდება და ტყავიდანაც ძვრებიან,
პლანი უნდა ნიაზას და ნესტორას.

ეკრანზე ხარ "იზმებში" და "ანტებში",
გასართობი წამალი და კარტია,
ხმის მიცემა სამარცხვინო ფაქტებში,
გავაუქმოთ მოდი ყველა პარტია.

მოძრაობა ყვითელ ავტობუსების,
ჩაცუცქული,მაგრამ განა შავები,
შემოვიდა ჭრელა-ჭრულა ტრუსები
და მოდიდან გადააგდო შავები.

სადღეგრძელო უკვე ძველი მოდაა,
დათვერი და მერე მაგრა აჯაზე,
ეს ბაბუაჩემის მამის ოდაა,
ხვალე წავალ ჰავაიზე დაჩაზე.

ზეგ საღამოს ჩამომივა ფერარი,
მამაჩემის ველოდები თვითმფრინავს,
გაიფიქრებ: ეს მე მგონი ვერ არი,
ღრუბელ-ღრუბელ მიშასავით მიფრინავს.

არასოდეს არ იგრძნობა პროტესტი,
ყველა თითქოს ერთნაირი მუნჯია,
ზურგში ხანჯალს ჯერ ჩაგცემენ გროტესკით,
და სუფრაზე ყველა ქვეყნის ბურჯია.

ვერ შევძელი ყოფილიყავ სპეტაკი,
და სარკიდან მიმზერს ვიღაც მუმია,
მოაშორეთ თეატრი და სპექტაკლი,
ქვეყანაში უნიჭობის ბუმია!

Lasha-Giorgi - Chemi Dedaqalaqi

No comments:

Post a Comment