ტარიელ ხარხელაური - მე ვხედავ

მე ვხედავ,
მე მესმის – მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები…
სიცოცხლე სიკვდილი როდია,
რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით.

ღრუბლები მთებს გარე უვლიან,
ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს;
რას იზამ, სამყარო რთულია,
იმდენად რთულია სამყარო…

და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ,
ისვენებ, რაც უფრო იღლები,
რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ,
ზურგზე შემოყრილი ნიღბებით.

და ვხედავ,
და მესმის – მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები…
სიცოცხლე – სიკვდილი როდია,
რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.

Tariel Xarxelauri - Me Vxedav

No comments:

Post a Comment