რა უსაშველოდ იცის ხოლმე წუთმა გაწელვა,
უმადურებით ავსებული ვქოლავ საათებს.
ცის ნაპირებთან მოვახერხე შენზე დაწევა,
ჩემს გასალღობად შუაღამე კოცონს აანთებს.
მოვინადირებ კაბადონებს,ნადავლს დავითვლი,
გაგინაწილებ სასიცოცხლოდ ძვირფას საგანძურს,
მაგვიანდება,მიმასწრებენ,დრო არ დაიცდის,
რა შეიცვალა თუ დავმუნჯდი?მიყვარს,განა მძულს!
საგულდაგულოდ გადამალა აწმყომ სარდაფში,
უღიარებლად დამარხული ჩემი თაობა!
არც უნანია,ისე დათმო,ერთხელ ნანახში,
საპირჯვრე მხარზე მოინიშნა არარაობად.
წავა,გაივლის,არ დარჩება სამიდღემჩიოდ,
ვინ მიჩვეულა,ისე,რომ არ გადასჩვეოდეს,
მე მეშინია,მაკანკალებს,არ მივეჩვიო,
უპატიებელ იარებად არ მემჩნეოდეს.
ის,რაც ასე და ამნაირად აშთობს მოლოდინს,
ის,რაც ამდენად ავიწროვებს ბილიკს თმენამდე,
ის,რაც მიგათრევს იძულების წესით ბოლომდის,
ის,რაც გაშორებს საკუთარი თავის რწმენამდე.
რომ არ წარხოცავს,შენში ფარულ ყველა ღირსებას,
რომ შეგინახავს დედაშენის თბილი გულივით,
თუ წაგაქციეს,ის მოგკიდებს ხელებს ისედაც,
გამოგიწოდებს დაღლილ იმედს,თბილი პურივით.
რა უსაშველოდ იცის ხოლმე წუთმა გაწელვა,
უმადურებით ავსებული ვქოლავ საათებს.
ცის ნაპირებთან მოვახერხე შენზე დაწევა,
ჩემს გასალღობად შუაღამე კოცონს აანთებს.
Lela Lashxi
No comments:
Post a Comment