ლაშა-გიორგი - მთვარესთან მაქვს დადებული ფიცი

მთვარესთან მაქვს დადებული ფიცი,
არ ვუამბო საიდუმლო არვის,
მე სურნელი ამდის მშობელ მიწის,
შენ თვალები დაგყოლია ქარვის.

ღამესთან მაქვს ოდინდელი მტრობა,
აღარ ვიცი,რა მაცოცხლებს,რა მკლავს,
შენს ბაგეზე დავეჩვიე თრობას,
ჩემს ნერვებზე შეეჩვიე დაკვრას.

შენს სახლთან მაქვს უცნაური განცდა,
სულ მინდა,რომ ღია გქონდეს კარი,
მენატრება ოპიზა და ხანძთა,
სადაც კენტად ხეტიალობს ქარი.

მენატრება ბიჭვინთა და გაგრა,
შავი ზღვიდან მონაბერი სიო,
მე ვაღმერთებ გალაკტიონს,მაგრამ
მინდა ვგავდე მღვიმის დარაჯ შიოს.

დილასთან მაქვს ერთადერთი თხოვნა,
რომ გათენდეს გუშინდელზე კარგი,
მერე ჩემთან სიყვარულიც მოვა,
შვილს დავარქმევ ქართულ სახელს,სარგისს.

ქართული ცა რომ დაიწყებს ქუხილს,
ნეტავ ტყესთან გადავიქცე ქოხად,
რომ ბუხართან შევერკინო წუხილს,
ცეცხლის პირას რომ შევიშრო ჩოხა.

მზესთანაც მაქვს დადებული ფიცი,
ყოველ დილით ესმის ჩემი აჯა,
რომ სურნელი ამდიოდეს მიწის,
მუდამ ცემდეს საქართველოს მაჯა!

მთვარესთან მაქვს დადებული ფიცი,
არ ვუამბო საიდუმლო არვის,
მე სურნელი ამდის მშობელ მიწის,
შენ თვალები დაგყოლია ქარვის.

Lasha-Giorgi - Mtvarestan Maqvs Dadebuli Fici

No comments:

Post a Comment