ლაშა-გიორგი - ლექსებს ვწერ მაგრამ არა მყავს მკითხველი

ლექსებს ვწერ,მაგრამ არა მყავს მკითხველი,
ძაღლები უყეფენ შეჩვეულ განთიადს,
მარტო ვარ,ოთახში ხმაურობს მრიცხველი,
ჭაღზე ერთადერთი ნათურა ანთია.

არ ვიცი რატომ და ძალღონეს ვიშურებ,
წამებსაც არ ვუშლი ნაღვლიან მარათონს,
მე ვიცი რომ მომკლავს შენი ეს სიშორე,
(გარეთ ქარია,საერთოდ აღარ თოვს.)

წეღან ხუთი იყო,რომ ვნახე საათი,
შუაღამე მიდის ზურნით და ვარდებით,
მთვარე ცის კიდურზე მიბობღავს ტაატით,
(გარეთ ქარია, სახლში თრთის ფარდები.)

ოთახში ბრძოლის და ყიჟინის სუნია,
ლანდები ფარფატებენ ხმლითა და აბჯარით,
ვიცი,გადავყვები ერთ ღამეს შურიანს,
რადგანაც სიკვდილი სისხლში მაქვს გამჯდარი.

შენ ალბათ დამტოვებ,არ მოხვალ დღეიდან,
ამტკივდა სული და მაწუხებს სხეული,
მე მოვინახულებ ხვალ ბებერ მეიდანს,
ვივლი მარტოხელა და ვივლი ეული.

ლექსებს ვწერ,მაგრამ არა მყავს მკითხველი,
ძაღლები უყეფენ შეჩვეულ განთიადს,
მარტო ვარ,ოთახში ხმაურობს მრიცხველი,
ჭაღზე ერთადერთი ნათურა ანთია.

Lasha-Giorgi - Leqsebs Vwer Magaram Ara Myavs Mkitxveli

No comments:

Post a Comment