მურმან ლებანიძე - "გააჩმახაო ამდენი სიკვდილებით!"

“გააჩმახაო ამდენი სიკვდილებით!”-
ტერენტი გრანელზე იტყვიან პოეტები -
ხბოს აღტაცებით 
დამუხტული,
ხორციანი, 
მხნე 
პოეტები…

“გამოაგდოო 
სამეგრელომ უხვანჯროდ კარში!
რა იცოდაო 
უკვდავების, თუ ძმა ხარ, არსი
უწიგნურმა
მეგრელმა 
წიემ?!”

“ვერ ამოუდგაო ეპოქას მხარში!
შეშინებული 
სიკვდილისგან 
იყოო ბავშვი!
უცნობ კუბოებს 
დაჰყვებოდა თოვლიან ქარში!”
ამასაც 
იტყვიან…

ხბოს აღტაცებით დამუხტული 
ხორციანი,
მხნე 
პოეტები!

. . . . . . . . . .

იყო ბერძენი
შავი ბიჭი ალიმონაკი,
„ალიმონაკის“, -
ერთ დროს გვარი ამგვარად ჟღერდა, -
ტერენტის წუხდა,
იყო ჩემიც კაი ყონაღი,
მთელი ცხოვრება
ჩვენს უბედურ
გრანელზე
წერდა.

„გამოაგდოო
საბერძნეთმა უგროშოდ ქარში“
გაქართველდაო
უქონელი ყარიბი ბავშვი!
საიდან იცოდაო
ბერძნის ბიჭმა სიკვდილის არსი?!“ -
ამასაც იტყვიან

ხბოს აღტაცებით
დამუხტული პირაღიები -
ხორციანი და
ვარდისფერი
მხნე
პოეტები!

. . . . . . . . . .

(დამსმენს მაკინტოში ეცვა „ინდიგოსი“)
ზურგსუკან
დასმენით,
წერდა
კრიტიკოსი:

„ნუ შეხვდებითო
ალიმონაკს „მნათობში“ ვარდებით!
ნუ დაუბეჭდავთო
ტერენტიზე ნურაფერს დადებითს!
ვერ ამოუდგაო ეპოქას მხარში!
შეშინებული
სიკვდილისგან იყოო ბავშვი!
უცნობ კუბოებს
დასდევდაო თოვლიან ქარში!
უწიგნური
მეგრელი
წიე!“

. . . . . . . . .

რკინის ეპოქების იყო თქარათქური
და გველებრ სისინი
დამსმენი
ცვედნების;
მე „მნათობს“ მოვპარე წერილი ჯალათური,
ვთქვი:
ხალხს წავუკითხავ,
როცა
გათენდების...

„კაი დრო გავაო,
პოეზიის უღრანში სანამ
გათენდებაო!“ -
ქალბატონმა
თქვა, ერთხელ,
ანამ.

Murman Lebanidze - Gaachmaxao Amdeni Sikvdilebit
მურმან ლებანიძე - გააჩმახაო ამდენი სიკვდილებით!

No comments:

Post a Comment