მურმან ლებანიძე - "რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას"

რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას,
გნებავთ - თხუნელას,
მთხრელს მიწისქვეშ კატაკომბების?!
რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას -
დაძვრა, გათრევა-გამოთრევა
რამხელა ტვირთის?!
გამოთვლილია:
თავისთავზე არ ვიცი ცხრაჯერ,
თუ, არ ვიცი, თოთხმეტჯერ მეტის -
რამდენჯერ თქმულა
ყოველივე ამის შესახებ!
იმას კი არვინ იტყვის,
იმას კი არვინ იტყვის,
არც როდის უთქვამთ,
თუ რა ძალუძს, რა შესძლებია,
რა შეუძლია - კაცს, საბრალოს,
კაცს, ადამიანს,
დაკოჟრებულს, დაბეჩავებულს,
რომელსაც - ურო,
რომელსაც - თოხი,
რომელსაც - ცელი,
გნებავს -
თოფი უჭირავს ხელში!!!

. . . . . . . . . .

პატარა კაცი
მისდგომია თვალუწვდენ მინდორს
(თუ ვთიბავთ მინდორს,
ასეთ მინდორს - სათიბი ჰქვია.),
პატარა კაცი
ჩაჰფრენია ვეება მინდორს,
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილიან
ჭრელ შეღმართს
ჰკიბავს...
ათი წელია,
ყოველ ზაფხულს ამ სურათს ვხედავ
(ერმილე ჰქვია ბერიკაცს ჩვენსას),
ჩემი ფანჯრიდან
მოწონებით გავყურებ მთიბელს,
კაცს ოთხმოცისას,
მზე ფრთაგაშლით დაჰღუის თავზე,
ვერ ვხედავ სახეს,
საჩრდილობელ იმერულ ქუდქვეშ
ვგულისხმობ
თვალებს მოხუცისას -
პატიოსან,
მოწყენილ თვალებს;
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილოვან
ჭრელ შეღმართს
ჰკიბავს,
დროდადრო შედგება,
ხელის ზურგით შუბლს შეიმშრალებს,
ბალახებში სველ დოქს დასწვდება,
დალევს,
ცელსაც დაალევინებს,
გაიძრობს სალესს,
ლესავს,
ცელს აფხავებს...
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილოვან
ჭრელ შეღმართს ჰკიბავს -
პატარა კაცი
ჩაჰფრენია თვალუწვდენ მინდორს.

. . . . . . . . . .

იქ ერთი ხეა და იმ ხისქვეშ ერმილეს სძინავს...
მოუტანია დედაკაცს სამხარი,
უსამხრია და
სძინავს ბერიკაცს.
ზის ნათიბში
შავოსანი დიაცი ყინჩად,
გაჰყურებს ტყეებს,
ახედავს მზეს, -
ეს მზე არის მისი საათი, -
თავსაფრიანი დედაკაცი
 ქმრის ძილს სდარაჯობს,
ხელში უჭირავს ძეწნის ტოტი,
უგერიებს
მორჩენალს ბუზებს...
ხოლო მოხუცი ხედავს სიზმარს:
ჩამოუღია
წინა ორი საკმეჩი კბილი
გერმანულ ტყვიას,
ასცდენია მალებს კისრისას,
პატიოსნად
გასულა
გარეთ...
წევს გულაღმა პურის ყანაში,
წევს ერმილე, გაკვირვებული,
ვერ ასწრებს სისხლის ამოფურთხებას,
ნაწილს აფურთხებს,
ყრონტში ჩასდის ბეჩავს ნაწილი...
ხედავს მოხუცი ნაცნობ სიზმარს,
წუხს, წრიალებს,
შფოთავს სიზმარში:
თავზე ადგას ორი ქართველი, -
ავტომატიან ფრიცს რაღაცას ეხვეწებიან...
კი, ტყვე, რომელიც
საკუთარი ფეხით ვერ ივლის,
კანონია -
ადგილზე მოკვდეს!
რით, რით აიხსნას გამონაკლისი?!
მიღერებული ავტომატი
გერმანელმა მაღლა ასწია,
მოაცილა
ერმილეს კეფას...
ახსნა არა აქვს გამონაკლისს!
„ფრიცის“ თანხმობით
ქართველები გაჩქარებით საკაცეს კრავენ.
როგორც ცხვრის ფარას,
აქუჩებენ “ჰანსები“ ტყვეებს:
რუსებს, ქართველებს,
სომხებს, თათრებს, -
მსუბუქად დაჭრილებს...
აქა-იქ ისმის ავტომატის მრავალწერტილი
მძიმედ დაჭრილთა
დასაწყნარებლად...
- შეუხვიეთო ერთმანეთს ჭრილობები!
- მოეწყვეთ ოთხრიგად!.. -
კი, ტყვე, რომელიც
საკუთარი ფეხით ვერ ივლის,
კანონია - ადგილზე მოკვდეს!
ასწიეს მაღლა საკაცე და შეუდგეს ბეჭი,
ორმა ქართველმა
უნდა ზიდოს მძიმედ დაჭრილი
თვისტომი თვისი,
უნდა სიკვდილს გადაარჩინოს!
მზე ადუღებს
ყირიმის მიწას,
ვენახები - გადათქერილი!
კინწმოწყვეტილი მზესუმზირები!
ორმა დაჭრილმა
უნდა ზიდოს მესამე დაჭრილი,
აქვე, გზისპირად,
თხრილში სიკვდილს გადაარჩინოს!
ვის შეუძლია ნაღდი გითხრას -
ქერჩიდან საით?
ქერჩი გახლავთ ადგილი დაჭრის!
ქერჩი! - სამარხი,
ქსასაფლაო ქართული ძვლების!
სასაკლაო - საქართველოსი!
როგორც ცხვრის ფარას,
მიირეკავს ტყვეს გერმანელი...
„შნელ!“ - ჰყვირის ბადრაგი,
ფეხს უჩქარეთო, მაშასადამე...
აინტერესებს გერმანელ ოფიცერს,
როდემდე შეძლებს ორი ქართველი
საკაცის თრევას.
„რას შვრები, ერმილე, რავახარ, კაცო?!“ -
გზადაგზა ჰკითხავს ჭიორელი რეხვიაშვილი.
„აპა შენ იცი! გაუძელი! - მალმალე ეტყვის
საკაცით წელში გაზნექილი სუსტი ყმაწვილი
(ბორჯომელი... გვარი არ ახსოვს...)
„შნელ!“ -
ჰყვირის ბადრაგი,
ჯერ საყველპურო გერმანული
არ იცის ერმილემ,
მერე ისწავლის.
იქ, ბანაკში,
ტყვესათვის სამყოფს...
„შნელ!“ -
ჩქარობს ბადრაგი.
მზე დაჰღუის ყირიმის მიწას,
ჩამორჩა ვიღაც, მიბანცალდა კოპიტის ჩრდილში,
დაეფინა ტომარასავით...
ავტომატის მრავალწერტილით
გამოაკლდა
სისხლიან მარათონს...
ორას კილომეტრს რა გაივლის, ჩემო ერმილე,
ორას კილომეტრს
ფეოდოსიამდე!..
კი! ტყვე, რომელიც
საკუთარი ფეხით ვერ ივლის
კანონია -
ადგილზე მოკვდეს!

. . . . . . . . . .

პატარა კაცი
მისდგომია თვალუწვდენ მინდორს,
პატარა კაცი
ჩაჰფრენია თვალუწვდენ მინდორს,
გაუღვიძნია
ჩემს ერმილეს, ერმილე ბერელიძეს,
დაუღწევია
თავი ძნელი,
გრძელი სიზმრისთვის,
თიბავს ნასამხრევს,
თიბავს,
მკლავს იქნევს,
ყვავილიან
გორაკებს ჰკიბავს...
ზემორაჭული მზე დაჰღუის
ტყვეყოფილს თავზე...
დადის, დაღოღავს, როგორც ამბობს,
დაფაჩუნობს ოთხმოცის კაცი,
რა გააჩერებს სიკვდილამდე!
მაგ ბალახებში უნდა მოკვდეს,
რომელსაც თიბავს...
რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას,
გნებავთ - თხუნელას,
მთხრელს მიწისქვეშ კატაკომბების?!
რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას -
დაძვრა,
გათრევა-გამოთრევა რამხელა ტვირთის?!
ათასჯერ თქმულა
ყოველივე ამის შესახებ!
იმას კი არვინ იტყვის,
იმას კი არვინ იტყვის,
არც როდის უთქვამთ,
თუ რა ძალუძს, რა შესძლებია,
რა შეუძლია - კაცს, საბრალოს,
კაცს,
ადამიანს,
დაკოჟრებულს,
დაბეჩავებულს,
რომელსაც - ურო,
რომელსაც - თოხი,
რომელსაც - ცელი,
გნებავს - თოფი
დიახ - თოფი
თოფი უჭირავს ხელში!!!

Murman Lebanidze - Ramdeni Sheudzlia Patara Chianchvelas
მურმან ლებანიძე - რამდენი შეუძლია პატარა ჭიანჭველას

No comments:

Post a Comment