მურმან ლებანიძე - რეანიმაცია

 1
გამჭრეს! შემკერეს!
რაღაც ჩარჩათ გულმკერდის ღრუში,
მიმაგორებენ
გრძელ ტალანში, გვიან, ურიკით...
„კასტილიანი“
იღრინება ვიღაცა პრუსი:
„ვინა გდიაო,
რომ ხელახლა ჭრიან ურიგოდ!“

2
მჩხვლიტეს ექთნებმა,
წაყვანილი ღრმად ვარ კაიფში,
ვგრძნობ ვეღარაფერს,
შესაძლოა უკვე გაფატრეს,
მეზრდება ფრთები,
უფსკრულებში სადღაც დავეშვი,
დასტაქრებისას
ვეღარ ვხედავ ქათქათა სკაფანდრებს.

3
ოთხი კედელი -
იდენტური, ოთხივე შუშის!
ჩანს ცოცხალი ვარ,
ძაფს, გაწყვეტილს, როგორღაც ვაბამ:
აკვარიუმის
ფსკერზე ვწევარ და სულსა ვღაფავ.

4
„რეანიმაცია!“
სიტყვა ესე პალატის, კრულის,
სახელწოდება
თუ არისო, შეცდომით თვლიან, -
სინამდვილეში:
მობრუნებას კვლავ ხორცთან სულის, -
მაშასადამე,
გაცოცხლებას
კაცისას ჰქვია...

5
მზეო,
ამოდი, ამოდი,
ნუ ეფარები გორას!
ცხოვრებას
კაცი მოუკლავს
საწყალი
აგერ
გორავს!“

Murman Lebanidze - Reanimacia
მურმან ლებანიძე - რეანიმაცია

No comments:

Post a Comment