მურმან ლებანიძე - (იუმორესკა)

დაუწერია
ექვსი ლექსი პარასკევ დილას,
შაბათ საღამოს, -
თავად ბრძანა, - მეორე ექვსი...
ბლოკი, ბერნსი და
პოლ ვალერი უკითხავს კვირას,
ამას უტყუვრად
სხვა თოთხმეტი
მეტყველებს ლექსი.

გამოცანისა
მე მერგება როგორც ჭაშნაგირს,
ჩავჩერებივარ
უშნოდ ნაძარცვს გაოცებული:
ბლოკი და ბერნსი
მაგ ბრიყვსა და მართლა ჩაჩნაგირს
ერთ ეგზემპლარად
„ჰგონებია“
გამოცემული!

მაგრამ ეგ კიდევ
არაფერი! - ქე მაინც ბლოკი!
ქე მაინც ბერნსი! -
მართლა ხალხი აურჩევია!
ოღონდ - უძარცვავს
პოეტების ნაძრახი ჯოგიც,
უხვად სიბრიყვე,
სიბეჩავეც
გადუწერია...

ხოლო კრიტიკა, -
საყვარელი, მტრედებრ ღუღუნა,
ან - გასუსული,
სავარძლისას როცა გრძნობს ძალებს, -
შეცბუნებული
გარეუვლის წნელის ხუხულას,
საყდარიაო,
ხუხულაზე
რაკიღა ბრძანებს...

რა ჰქნას კრიტიკამ?!
ნურვინ იტყვის - კრიტიკა სტყუა!
ვინ გაასწორებს
(კალმის წვერით) კუზიან სოფელს?!
რა ჰქნას კრიტიკამ?!
გონივრულად თავისთვის ბზუა,
როგორც იტყვიან,
დაბალს ეძებს
დროდადრო ღობეს!

Murman Lebanidze - Iumoreska
მურმან ლებანიძე - იუმორესკა

No comments:

Post a Comment