გიორგი ლეონიძე - ყივჩაღური ღამე

ყივჩაღეთისკენ თეთრი ტრამალი
გააქათქათა მოზდოკის მთვარემ,
გულის ნაწვიმი და ნატამალი,
თუ რამე შემრჩა, ვიმღერო ბარემ...
მენევეთათვის და მოგზაურთა,-
შავი ზღვის ნისლებს ამოვეფარე
მოსჩანს სამშობლო, ივრის ვაზები,
როგორც სასანთლე გაჩაღებული.
შორიდან რაზე მელამაზები,
გული მაქვს გულთან დაჯახებული!
ნუ გამინათებ, ნურც გამიჩაღებ,
ირმის ნახტომებს ვემარტოები.
შავს ყურღანებში სძინავთ ყივჩაღებს,
თავქვეშ უგიათ თოქალთოები.
სიზმრად ჰხედავენ რომის პალატებს,
გარმონს უკრავენ დონის ქალები,
დარიალს ვეღარ შემოანათებს
მათი ჭიხვინა ცხენის ნალები.
როგორ გატორეს ერთხელ ტრამალი,
როგორ ამტვრევდნენ გულის ფიცარსა,
მაგრამ ვერ ნახეს ქვეყნად წამალი
და გამწარებით ხრავენ მიწასა.

gogla leonidze - yivchaguri game
გიორგი ლეონიძე - ყივჩაღური ღამე

No comments:

Post a Comment