ნიკა ნორიელი - უშენობა

გახუნებულან ძველისძველი პერგამენტები
და შემოდგომის ჩამოცვენილ ფოთლებს ხრაშუნით...
მივყავარ სადღაც შეუმჩნევლად და ველოდები,
თუ გამოჩნდები გზის ბოლოში - თავსაბურავით...

თუ გამოჩნდება შენი ტუჩის სივარდისფერე,
ასე საოცრად რომ უხდება დღეის პეიზაჟს...
მჯერა გაშლილ თმებს ქარი ურცხვად აგიშრიალებს,
მშვიდად მივყვები გაყვითლებულ ბედის ხეივანს...

ვეღარ ვგრძნობ დაღლას, რადგან სული გადამეღალა
და ამ გადაღლას უშენობა უნდა დაერქვას...
თუკი სიცოცხლე გამიხარდა შენი წყალობით,
დღეს მომიხდება, რომ ზეციდან წვიმა დაეშვას...

რომ დამისველოს მოწყვეტილი ქრიზანთემები,
ხელით ტარებას ყვავილების არ ვარ ჩვეული...
მე უფრო მეტად ფურცლები და კვამლი მიხდება,
მაგრამ საშენოდ სიმშვიდე მაქვს ამორჩეული...

რადგან შენ სახეს ფორიაქი აღარ ჭირდება,
რადგან მოვდივარ სამუდამოდ შენთან სამყოფად...
მაგ შენი ტუჩის სივარდისფრე ისე გიხდება,
აღარ ვაპირებ მომზადებას ბედთან საომრად...

Nika norieli - Ushenoba

No comments:

Post a Comment