ნიკა ნორიელი - მზის სხივი

შენ სიჩუმეში დაბადებულ მზის სხივებს გავხარ,
ცვრიან ბალახს რომ ეფინება მშვიდად სრულებით...
და სურნელება განთიადის შენ სუნს წააგავს,
მე კი მოვდივარ გადიდებულ ცოდვის წყლულებით...

მწიფე ალუბლის სინაზე გაქვს გადამალული,
არადა ვიცი რა ტკბილია შენი სახება...
მე ვარ სიმთვრალის საგიჟიდან გამოპარული,
შენ კი სამოთხის თვალწარმტაცი, ნაზი ზმანება...

ორი ნაფაზი და ფერადი კვამლი სიგარის,
ნისლად ედება ჩემს ოთახში გაშლილ გაზაფხულს...
კარზე კაკუნი - მე არ ვიცი გარეთ ვინ არის !!!
ვერ ვეგუები საოცარი სიზმრის დასასრულს...

როგორც უდაბნოს დაუნდობელ სიცხის ატანა,
ისე ჭირს ჩემთვის შეგუება დღეს უშენობის...
ბევრჯერ ვეცადე ამ სიზმრებით თავის გატანა,
არადა ვიცი, შეჩვევაა ეს - უბედობის...

შენ სიჩუმეში დაბადებულ მზის სხივებს გავხარ,
ცვრიან ბალახს რომ ეფინება მშვიდად სრულებით...
და სურნელება განთიადის შენ სუნს წააგავს,
მე კი მოვდივარ გადიდებულ ცოდვის წყლულებით...

Nika Norieli - Mzis sxivi

No comments:

Post a Comment