ნიკა ნორიელი - გულო

გული გამექცევა სხეულიდან,
ძებნას დაგიპირებს როცა...
ღმერთმა არ მომაკლო ლექსები და
ზეცას დავუპირე კოცნა...

მერე სიყმაწვილე ფურცლებს გავატანე,
ბედად ავირჩიე დარდი...
გულო! უფლისაკენ გამაქანე,
თორემ გამიხუნდა ლანდი...

გულო! გამითავდა ყველა სტრიქონი და
თითქოს ულექსობა მრჩება...
მაგრამ ქართველობა სისხლში არსებობს და
საფლავშიც არ მოკვდება...

ვეტრფი ისტორიის ფურცლებს,
წარსული არ იცვლება...
გულო! რეალობა მტკივა,
როდემდე შეიძლება?!

უკვე დავიღალე ვატყობ,
მოვრჩი ოცნებების ქექვა...
მაგრამ ერთადერთს ვნატრობ,
შენ რომ არ შეწყვიტო ფეთქვა...

მე ხომ ქართველი მქვია,
გულით ვატარებ ჩოხას...
სადღაც უბედობა გდია,
შენ რომ ვერ ასწრებ მორთვას...

დღემდე ვერ იშორებ ძაძებს,
შენც ხომ დღევანდლობა გტკივა...
დიდგორს დავინახავ ლანდებს,
ვიცი ცრემლები გცვივა...

მაგრამ დასრულდება მჯერა,
ზეცის გაიხსნება თაღი...
საქართველო არის ვიცი,
უფლის მეორე ბაღი...

Nika norieli - Gulo

No comments:

Post a Comment