პროვინციელნი კამათობენ ბრუსონეციასთან;
აკაკი წერეთელს ადრიან ჭავჭავაძე ილიას.
კამათია:
ამ ორში ვინ იყო ძლიერი!
- აკაკი წერეთელი მოწოდებით იყო პოეტი! -
ირწმუნება
ხორბლისფერი პროვინციელი.
ქალაქელი სტუდენტები
ლანზღანდარობენ მწვანე ჭერამთან:
ხვავდება ჭორები...
ახსენებენ ბოდლერს,
არტურ რემბოს,
სწამებენ გალაკტიონ ტაბიძეს
ფრანგული პოეზიის გადმოქართულებას.
ფილოსოფიური ფაკულტეტის სტუდენტი -
გრძელი თმებით, -
ირონიულად შეჰყურებს მოკამათე ამხანაგებს -
გაწიწმარიტებულთ.
- კანტი,
სპინოზა,
პლატონი,
სოკრატე -
ისმის,
მოკამათენი სცემენ ბოლთას.
ფეხებს ტალახს არიდებენ.
გადაღმა ვარაზის ხევის -
ფერდობზე საქმიანობს ღორი.
საბრალოდ გამოიყურება ნანგრევი ციხის, -
ბარათაანთი,
ან ამილახორის.
ქალიშვილები - მაღალი შლაპებით,
დიდრონი რედიკულებით -
მწვანედ შეღებილ მერხებზე სხედან.
ცხადია:
„დასავლეთ ევროპის ფაკულტეტიდან“ - ყველა.
ქერა, ხორციანი,
თაფლოვანი თვალებით - მეტყველით,
ხარბად უსმენს შავგვრემანს.
- მარიკა როკი,
დინა დურბინა,
მერი პიკფორდი -
ლაპარაკობს შავგვრემანი.
გადაღმა ვარაზის ხევის -
ფერდობზე საქმიანობს ღორი.
საბრალოდ გამოიყურება ნანგრევი ციხის, -
ბარათაანთი,
ან ამილახორის.
Muxran Machavariani - Saqmiani Gori
მუხრან მაჭავარიანი - საქმიანი ღორი
No comments:
Post a Comment