მუხრან მაჭავარიანი - უდროოდ გარდაცვლილ მეგობრებს

თამბაქოს კვამლით
მსურს სახენი ვაოტო თქვენი,
იგერიებენ როგორც ფუტკარს
მესკენი ფუტით;
ვერა და ვერა, ვერ გიშორებთ,
კვლავ და კვლავ გხედავთ, -
გონების ჩემის
ვარ წინაშე რამეთუ სუსტი.

დღეს ვინც ფაფხურობს,
ვინც მიმოდის ახლა ჩემს გვერდით,
ბევრი მათგანი
ფრჩხილად არ ღირს მაგ თქვენი ფეხის...
ბიჭებო,
ჩემთვის უთქვენობა ისეა ძნელი,
ვით უჩემობა იქნებოდა
ამქვეყნად თქვენთვის.

გფარავდეთ იგი, -
ეს სამყარო რომელმან შეჰქმნა,
ყოვლის მხილველი მამაღმერთი,
უკლებლივ ყოვლის.
გისურვებთ კიდევ,
ვინც გიყვარდათ, ვინც დაგრჩათ ქვეყნად, -
დიდხანს და დიდხანს
არ გეხილოთ
თქვენს გვერდში მწოლი.

Muxran Machavariani - Udrood Gardacvlil Megobrebs
მუხრან მაჭავარიანი - უდროოდ გარდაცვლილ მეგობრებს

No comments:

Post a Comment