ზვიად რატიანი - "მე მინდა გითხრა რაიმე ისეთი"

მე მინდა გითხრა რაიმე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...
მე ასე მინდა!

მე არა ვარ ახლა ქუჩაში,
არა ვარ გაყინული,
არა ვარ მოტყუებული,
არა ვარ შეშინებული...
მაგრამ მე მაინც
მინდა გითხრა რამე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს!

მე ახლა ვწევარ.
მე ვწევარ
რაღაც გაურთულებელი სიმშვიდით,
რაღაც ძალიან ჩემი და
ძალიან მახლობელი სიჩუმის გარემოცვაში
და ვფიქრობ:
რა შემიძლია გითხრა ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...

მე მინდა წარმოვიდგინო
შენი შემოსვლა ამ ოთახში.
მე მინდა წარმოვიდგინო ჩემი დახვედრა...

მე არ მინდა შეგაცოდო თავი
ჩემი ძველი ტკივილებით,
არც ძველი სისულელეებით, –
ერთ დროს საშინელ წვიმაში დგომით...
ერთ დროს ტირილით...

დღეს მე ვარ კარგად
და მე მინდა შეგაცოდო თავი
ჩემი დღევანდელი კარგადყოფნით,
ჩემი დღევანდელი სიმშვიდით, –
რადგან ეს სიმშვიდე და კარგადყოფნა
კიდევ ერთხელ შემახსენებს იმას,
რომ ჩემგან გავიდა სიყვარული.

მე მინდოდა მეთქვა რაიმე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებდა
და გეუბნები:
„მე აღარ მიყვარხარ შენ!“

Zviad Ratiani - Me Minda Gitxra Raime Iseti
ზვიად რატიანი - მე მინდა გითხრა რაიმე ისეთი

No comments:

Post a Comment