წერით უძილო ღამეებს ვღლიდი,
უსამართლობა დღემდე მაგიჟებს.
ყველა მოცლილი და ყველა ფლიდი
მოდის და ნატკენ სულზე მაბიჯებს.
მე კი მდუმარე და ასე მშვიდი,
ისევ დავითვლი ცისკენ ნაბიჯებს.
გზა შორია და ბოლომდე ვივლი,
ზეცა კი ისევ წვიმას აპირებს.
სიკეთისათვის ვიბრძოლებ მარად
და ალბათ თავზე ხელსაც ავიღებ,
როცა ვიცი, რომ ვიმარჯვებ კვლავაც,
მე წარმართებთან ბრძოლას დავიწყებ.
მოვეფერები თითოეულ ობოლს,
გაჭირვებულებს ლუკმას გავუყობ.
ავადმყოფობას მოვუღებ ბოლოს,
უფალს მოვუსმენ, როცა საუბრობს.
გულებს გავუთბობ გაყინულ ჩიტებს,
სამყაროს სითბოს ჯავშანს ჩავაცვამ.
სანთელს დავუნთებ ღიმილის ბიჭებს
და ქართულ სიტყვას ვიტყვი ამაყად.
მე არ შემრცხვება, რომ ვარ ქართველი,
ჩემში ეს გული მუდამ ქართველობს.
ზეციურ მნათობს სითბოს ვართმევდი,
ვუნაწილებდი ჩემს საქართველოს.
მე ერთი მქონდა ნატვრა და ფიქრი,
რომ ჰყვარებოდა ქართველს ქართველი.
იმედის რაშიც იქითკენ მიჰქრის,
სადაც სამშობლოს იწვის სანთელი.
რისი თქმაც მინდა იქნება ვერც ვთქვა,
იქნებ ჩემი ხმა შორით მოისმის.
ბედნიერი ხარ, როდესაც ქვეყნად
ცხოვრობ სითბოს და სიყვარულისთვის.
Melano Zukakishvili - Me Erti Mqonda Natvra Da Fiqri
მელანო ზუკაკიშვილი - მე ერთი მქონდა ნატვრა და ფიქრი
No comments:
Post a Comment