ნუ იდარდებთ, ამ ტკივილსაც გადავიტან,
ძალა შემწევს მოგიტევოთ შეცდომები,
მე არ ვიცი ცხოვრების გზა სად წამიყვანს
ნუ გგონიათ, რომ მე თქვენგან მეტს მოველი.
ნუ იდარდებთ, მე შევძლებ და წამოვდგები,
არ დავუხრი თავს ამ მძიმე განსაცდელებს,
მერე რა თუ გული კვლავაც მომიკალით,
უფლის მადლი ვიცი თავს არ დამანებებს.
ნუ იდარდებთ, მე ხომ თქვენზე ძლიერი ვარ,
შემიძლია დავამარცხო ყველა დარდი,
მერე რა, რომ გული წყენას ვეღარ იტევს,
მერე რა, რომ თავზე მეტად შემიყვარდით.
ნუ იდარდებთ, მე ვიცი რომ ღმერთს ვუყვარვარ,
და ვიცი რომ არ გამწირავს მისი ძალა,
მერე რა, რომ ამ ზამთარს ვერ გადავურჩი,
მერე რა, თუ ვერ შევძელი დარდის მალვა.
ნუ იდარდებთ, მე ყველაფერს გაპატიებთ,
მოგიტევებთ ყველა ნატკენს, ნაიარევს,
ძალა შემწევს ძველებურად გავძლიერდე,
ძალა შემწევს გავუმკლავდე ამ იარებს.
არ იდარდოთ თუ თქვენს მიმართ აღარავარ
ძველებურად გულღია და თავმდაბალი.
მერე რა, თუ იმედები გამიცრუეთ,
მიტევების ფასი ქვეყნად სხვა რა არის.
ჩემს გულში კვლავ აყვავდება ალუბლები,
ჰორიზონტზე სათნოების წამი ხარობს.
მერე რა თუ მაწყენინეთ, არაუშავს,
მე თქვენ მაინც მოგიტევებთ არ იდარდოთ
Melano Zukakishvili - Ar Idardot
მელანო ზუკაკიშვილი - არ იდარდოთ
No comments:
Post a Comment