საიდან მოდის? (ეჭვს ვიღებ ღვთისას!)
ყურს ვუგდებ სისხლის საკუთრის ჩქეფას:
გამოდის კაცი - იწუნებს თვისას,
სხვისი ნაქნარის ქადაგად დგება.
არ უღალატებს ეს კაცი მიზანს,
მიზნისთვის ცოცხლობს, მიზნისთვის კვდება;
შექმნილს ქვეყნისთვის შეჰხარის სხვისას
დასული მისი ჭეშმარის სწვდება.
მაგრამ იქავე, ბოღმით აღვსილის,
შავი სატანის გაისმის ყეფა, -
გამოდის ვინმე კაცი თახსირი,
კაცის რჩეულის გინებას ჰყვება...
ვერ მივმხვდარვარ და მივხვდები როდის,
უფალო, შენსას აზრსა და ნებას -
საიდან მოდის?! საიდან მოდის?!
მომიფხანია ათასგზის კეფა.
Murman Lebanidze - Saidan Modis? Echvs Vigeb Gvtisas
მურმან ლებანიძე - საიდან მოდის? ეჭვს ვიღებ ღვთისას!
No comments:
Post a Comment