რად არ მკითხე იქნებ სულაც არ მინდოდა,
შენი გულში შემოშვება, ჩემო კარგო.
უტიფრად რომ შემოაღე გულის კარი,
რა გიწოდო, ჩემი გულის ბინადარო.
ერთხელ თხოვნა გაგებედა მორიდებით,
ან გეკითხა, ჩუმი მზერით, ვინა ხარო.
ქურდულად რომ ჩამისახლდი გონებაში,
არ გრცხვენია, ჩემი გულის ბინადარო?!
თუმცა მათბობს შენი მზერა საუცხოო,
შენი ხილვით ბუნებაც კი ია-ვარდობს.
ნიავს გავხარ, ოკეანის სიზმრებიდან,
შენ მასუნთქებ, ჩემი გულის ბინადარო.
პეპლებად რომ მიფარფატებ ოცნებებში,
იქნებ გინდა ყვავილებზე ინავარდო.
მაპატიე, ვერ გაგიშვებ, დაგიჩემე,
მე მჭირდები, ჩემი გულის ბინადარო.
რად არ მკითხე გულში ასე შემოპარულ,
მოციმციმე ვარსკვლავს როგორ ინახავო.
ახლა უკვე გვიანია სინანული,
ვეღარ დაგთმობ, ჩემი გულის ბინადარო.
Melano Zukakishvili - Chemi Gulis Binadaro
მელანო ზუკაკიშვილი - ჩემი გულის ბინადარო
No comments:
Post a Comment