მუხრან მაჭავარიანი - "უფრო სიხარულობს ჩემი სიხარული"

უფრო სიხარულობს
ჩემი სიხარული,
შენ რომ იზიარებ,
ის რომ იზიარებს.

თითქმის სიხარულობს
ჩემი მწუხარებაც,
შენ რომ იზიარებ,
ის რომ იზიარებს.

თუა სიხარული! -
ასეთი კაცი ვარ,
არასდროს ვიკითხავ: -
ვისი არი?

ვისიც უნდა იყოს თუა ჭეშმარიტი,
ვიზიარებ.

არის მწუხარება?! -
რა საკადრისია,
იკითხოს კაცმა:
ვისი არი?

ვისიც უნდა იყოს,
თუა ჭეშმარიტი,
ვიზიარებ.

უფრო სიხარულობს
ჩემი სიხარული,
შენ რომ იზიარებ,
ის რომ იზიარებს.

Muxran Machavariani - Ufro Sixarulobs Chemi Sixaruli
მუხრან მაჭავარიანი - უფრო სიხარულობს ჩემი სიხარული

No comments:

Post a Comment