მე ვერ მოგწერ, ახალი არ ჩანს -
ვცხოვრობთ იქავე...
ვართ ძველებურად,
ჩვენებურად - შარშანწინ, შარშან
როგორც ვიყავით.
გვაქვს ყველაფერი:
ლორი, მჭადი, ხვანჭკარა დოქში,
ვშოულობთ ყველსაც;
ვართ შებუდრული
ისევ ისე არჩვაძის ქოხში -
ვაშენებთ ჩვენსას.
გაინტერესებს
იწერება თუ არა წიგნი -
ვწერ წლეულს ცოტას;
დგას წვრილ სარკმელში
მოწყენილი წვიმების ციკლი
გავყურებ შოდას.
შევეშვი ლარებს -
ნერვიულებს, ფიცხებს და ჩქარებს,
შევეშვი ძველ გზებს,
ვწერ გაზაფხულებს,
შემოდგომებს, სათიბებს, ჭალებს -
უწყინარ ლექსებს...
ხანდახან ვზივარ
მოწყენილი რიყის ჭრელ ქვაზე -
ცოლუკას გნატრობ...
შენმა წერილმა
გამახარა, გუშინწინ ძალზე -
გმადლობ!
დაარქვით რატი,
ან თორნიკე ჩვენს პირველ მერცხალს,
შეეშვით მდურვას, -
მე რა ვარდები
მივაფინე სამშობლოს ჩემსას -
ნუ არქმევთ მურმანს.
სხვა რა მოგწერო?!
ფული მთხოვეს (ვინ იტყვის უარს)
თუ იცი რისთვის?
ძველი კაცები
აგროვებენ აქ ოც-ოც თუმანს -
სჭირდებათ მკვდრისთვის.
ბჭე მორღვევია
ძველთშესალაგს ქარწვიმით, წლებით,
ჩვენი საყდრისას,
აქ რომელიღაც
ლებანიძის გამოჩნდა ძვლები
წელს გზის გაჭრისას.
მოვიდნენ, დასხდნენ,
ითავცემეს, მცდიდნენ კარგა ხანს,
ცემენტი მთხოვეს...
სახლს აქ ვაშენებთ,
აქ ვაპირებთ კიდეც დამარხვას -
ხვდებიან ყოველს.
ასე და ასე!
შენ შენთვის და მე ჩემთვის კენტად!
ფიქრები - ხროვად...
ეგ არაფერი!
ოქტომბერში ვიქნებით ერთად -
მივალთ და მოვალთ...
თავს გაუფრთხილდი!
გკოცნი ათასს, მრბუნავს და მკვესავს,
მარჯვეს და ყოჩაღს!
სჭირდება შენი
ცხელი გული ხვალისდღეს ჩვენსას -
ჩვენს გაზრდილი ოჯახს!
წიგნს ჩამოგიტან
უსიკვდილოდ! - ვასვენებ ბრჭყალებს,
შევეშვი ძველ გზებს...
ვწერ გაზაფხულებს,
შემოდგომებს, სათიბებს, ჭალებს,
უწყინარ ლექსებს.
Murman Lebanidze - Werili Mtidan
მურმან ლებანიძე - წერილი მთიდან
No comments:
Post a Comment