მელანო ზუკაკიშვილი - იდენ!

მახსოვს, რომ გიხილე შორეულ კოსმოსში,
ნამცეცა ვარსკვლავებს ქარგავდი, იდენ!
მას შემდეგ მაფიქრებს მე შენი სამყარო,
შენს მიერ გატყორცნილ ბუმერანგს მივდევ.

მე მაშინ გიწოდე გრძნობების მეუფე,
კვამლი ასდიოდა შენეულ რითმებს.
სულთან მონაქროლი გზნებით გაჰკიოდი,
თუმც, შენი არავის ესმოდა, იდენ!

ან ვინ გაგიგებდა, სხვას არვის შესწევდა
ძალა, რომ ენახა სხვაგვარი სამყარო.
არავის შეეძლო შენსავით ფიქრებით,
მოევლო გრძნეულთა ზღაპრული სამთავრო.

აბა ვინ შესძლებდა ცქერას ზეცის მიღმა,
ან ვინ იხილავდა ზღვათა შიგან მინდვრებს.
შენეულ ოცნებას სხვა ვინ შეიგრძნობდა,
ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, იდენ!

შენგან შევისწავლე კოსმოსში ცურვა და
წყნარი ოკეანის ლაჟვარდში ფრენა.
უცნაურობების სიღრმეში წვდომა და
სამყაროს მიღმა კარდების მზერა.

მხოლოდ შენ შესძელი სიცოცხლე, ზღაპრული
ზმანებით გაგეცვალა სიკვდილის რიტმზე.
ზეკაცის განცდების მონოპოლიური,
უკვდავი მფლობელი გიწოდე, იდენ!

ზმანების ზღვაში მხოლოდ შენ გასცურე
და უკვდავების შეეხე კიდეს.
მინდა მეც ვიხილო ელვის ის შუქურა,
შენ რომ ბოლო წამს უმზერდი, იდენ!

Melano Zukakishvili - Iden
მელანო ზუკაკიშვილი - იდენ!

No comments:

Post a Comment