მელანო ზუკაკიშვილი - კარი გამიღეთ

იდუმალებას შეუმოსავს ამბიონები,
აღარ გუგუნებს უდარდელად წმინდა სამრეკლო.
ახლა სიშორით დაგაღლილი თქვენთან მოვედი,
კარი გამიღეთ, ქართველი ვარ, ჩემო ქართველნო.

კარი გამიღეთ სითბოს ვეძებ, თქვენც ნუ გამწირავთ,
ცისკენ აფრინეთ სამებიდან თეთრი მტრედები.
ნუ ამიტირებთ მონატრებულ, მოხუც მთაწმინდას,
გული მიჩვენეთ, მხოლოდ ამას შეგევედრებით.

მოწყენილს ვხედავ რუსთაველს და დიდ გალაქტიონს,
წიწამურთან კი ცხარე ცრემლით ტირის ილია.
იქნებ უფალმა ეს ცოდვები მეც მაპატიოს,
კარი გამიღე, საქართველო, შენი შვილი ვარ.

კარი გამიღეთ, ნაწამები ვარ ქეთევანი,
ცხოვრების ჯვარზე გადაკრული გამყიდველი ვარ.
კარი გამიღეთ, გზა დავიდე დღეს ბეთლემამდე,
მომიტევეთ, რომ მე ამდენხანს არ მიძებნიხართ.

მხრებით მოვათრევ უთქვენობით სავსე კიდობანს,
გამოწურული ტკივილებით ნამთვრალევ სევდას.
სირცხვილიანი მზერით ვითხოვ ღვთიურ შენდობას,
სიცარიელით ავსებული სული ვერ მკვებავს.

კარი გამიღეთ, ჭკუაშეშლილი ვარ მათხოვარი,
თქვენთან მოვედი ღიმილის და სუფთა გულისთვის.
კარი გამიღეთ, იქნებ სულაც ვარ მაცხოვარი,
რომელიც იცდის, სიკეთისთვის როდის მოიცლით.

ვიცი, რომ უკვე დედამიწის მძიმე ბარგი ვარ
და თუ კი მომთხოვთ ამ სიცოცხლეს მსხვერპლად გავიღებ.
სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მძევლად ვაგდივარ,
თქვენთან მოვედი, ქართველებო, კარი გამიღეთ!

Melano Zukakishvili - Kari Gamiget
მელანო ზუკაკიშვილი - კარი გამიღეთ

No comments:

Post a Comment