წამი ბრძოლისა და წუთი წამებისა,
აზრების ჭიდილში გონება დავსერე.
მხრებზე სიმსუბუქე ზეცის არ მეღირსა,
სხეულის უჯრედებს შხამებით ავსებენ.
სულის ტკივილმა გაიდგა ფესვები,
მოედო გრძნობის და გონების არეალს.
ძალა დავკარგე და ნელ-ნელა ვნებდები,
გადაღლილ თვალებში უკუნი ღამეა.
სისხლიდან ხორცამდე გაყუჩდა დარდები,
ძვლებმა დაიკვნესა ცხოვრების სიმძიმით.
სული დაემსგავსა ხორციდან განდეგილს,
ვეცემი და მაინც ბოლომდე ვიცინი.
გარბიან დღეები, არ მინდობს სამყარო,
ვერ ვასწრებ სუნთქვას და წამები ქრებიან.
სევდის ეს ღრუბელი როდემდე ვატარო,
გულთანაც თანდათან ბზარები ჩნდებიან.
დრომ არ მაპატია სულ მცირე დარდიც კი,
თმებში ჩამაქსოვა თოვლისფერ ჭაღარად.
ბავშვობა წარსულის ბიკილზე გამირბის,
მტკივა და მომავალს ვუხვდები ამაყად.
არ ვნანობ არაფერს, ბრძოლაა ეს ყოფა,
სწორ გზაზე გაყენებს ყოველი შეცდომა.
ცხოვრება არასდროს არაფერს დამზარდა,
რა აღარ მასწავლა, მაინც ვერ გამზარდა.
Melano Zukakishvili - Ar Vnanob Arafers
მელანო ზუკაკიშვილი - არ ვნანობ არაფერს
No comments:
Post a Comment