მურმან ლებანიძე - თაგვისფერი, რომელიც მწვანეში გადადის

ომიდან მახსოვს
უმთავრესად მე სამი ფერი:
შავი -
რომლითაც იხატება ზამთრის ტყეები,
თეთრი-
რომელიც
ზამთრის ტყეებს ჭირდება ფონად
და კიდევ ფერი
გერმანელი მეომრის ფრენჩის-
თაგვისფერი,
რომელიც მწვანეში გადადის...

მე რომ დავიჭერი,
თებერვალი ბერავდა მურდალი,
(ცხრა იყო თებერვლის
და არა მკათათვის...)
ერთ საწყალ სტანიცას
თოთხმეტი ჩავუტანე
ფრენჩი თაგვისფერი!-
ის, რომელიც
მწვანეში გადადის...

. . .

ვიწყებ მოთხრობას:
ისევ ისე ომის აჩრდილი!
გამოვაღწიე გერანელებს, ყუბანზე გაველ;
გარიაჩი-კლიუჩში
მივჩლახუნობ ჩემთვის დაჭრილი,
ლაზარეთისკენ,
სადაც გრძელი შიმშილით მკლავენ...

მესამე დღეა,
ვიკვებები ჭარხლის კუდებით,
ეგ-სტანიცებში,
ტრამალ-ტრამალ-კუნელიტ, პანტით;
საიქიოში
არ მიმიღეს, სახლში ვბრუნდები
შავი ტროსტით,
თეთრი ბანტით,
წითელი ვარდით...
ვგავარ ბეღურას,
ვარ ნამსხვრევი დანგრეულ პოლკის,
საიქიოდან
სააქაოს მოვათრევ კონკებს,
ვეძებ ლაზარეთს,
ვერც მომკლეს და კიდევაც მომკლეს,
ვხვდები გზადაგზა
საიქიოს
მიმავალ
პოლკებს...
სამი დღე ვტოპე
ჰოსპიტლისკენ უდაბნო თოვლის,
კლიუჩევაიასთან
გამოვედი თებერვლის თორმეტს;
ვუახლოვდები,-
გასულ შაბათს აღებულს ჩემგნით,-
მოგრძო სტანიცას,-
უგზო-უკვლოდ,
უკაცურ ზეგნით...

ვხედავ ,საზიზღარი
აწყვია ხორცეული
წელამდე ტიტლიკანა,
შიგდაშიგ თვალხილული,
მიბრჯნით დახვრეტილი
ვერმახტის ოცეული
გაძეძგვილ ზეგანზე
თოვლშია ჩაყინული...

და ყოველ
ტიტლიკანა სალდათის გვერდში
გასაშრობადო-გეგონება,
ჰფენია ფრენჩი-
თაგვისფერი,
რომელიც მწვანეში გადადის...
. . .

,,რა ვუყო ახლა მე ამ ფრენჩებს?!-
ვუთხარი ჩემს თავს,-
კაცი თუ არა ,
ღმერთი ხომ ხედავს:
გასაგებია, რომ ფრენჩები წასაღებია,
წასაღებად არის გახდილი...
ვიღაცამ დიდი შრომა გასწია,
მაგრამ
საწყალი ჯარისკაციც, ვგონებ კაცია,
და საძრახისი, ალბათ, არც კია,
გამოვიყენოთ
სხვისი შრომა
ამჯერად
ჩვენთვის!”

. . .

ჩამოვიხსენი ზურგჩანტა მჩატე,
დავკეცე ხუთი, ხუთივე ჩავდე;
დაღლილმა სული მოვითქვი წუთიტ,
ახლა ხელახლა დავკეცე ხუტი;
გაჰქონდა მჭახედ
ტკაცატკუცი ფრენჩებს კეცვისას,
ყინულის აპკი
ასკდებოდა ქსოვილს ფრენჩისას,
ფანერს ჰგავდა და
მეშინოდა ფრენჩის გახევის,
დაბინავება შევიძელი თიტქმის ნახევრის...
ჰყმუოდა თებერვალი,
მეტელიცა სტვენდა შაითანი,
(თორმეტი იყო
თებერვლის და
არა მკათათვის...)...
გარიაჩი კლიუჩში
თოთხმეტი ჩავიტანე
ფრენჩი თაგვისფერი-
ის, რომელიც
მწვანეში გადადის...

. . .

ზუსტად
ორმოცი წელიწადი არის გასული,
მე თქვენ გიამბეთ
დაწყევლილი კაცის წარსული-
წარსული ჩემი
და წარსული ჩემფერი ლანდების-
გარეშე ხრიკის,
ყოველგვარი შეფერადების...ჩამოვყვებოდი მელნისფერ ბინდში
ჩვენი მშიერი ჰოსპიტლის კიბეს,
გადავივლიდი,
,,კასტილებზე”- ჩამოკიდული
ფრთხილად, ფრთხილად გალიპულ შუკას,
მივადგებოდი
რომელსამე მოწყენილ ქოხმახს,
დავაკაკუნებდი,
საკეტისას-რეჩხს დავუცდიდი,
გაღებისას ფრენჩს გავუწვდიდი...
,,Заходи Сынок!”
მეტყოდა დედაბერი,
,,Заходи родненький!”
დასძენდა მოწყენიტ
და პალატაში
ვბრუნდები მერმე ხანხალით...
იმ თითო ფრენჩში
თითო თავი მომცეს ჭარხალი,
თანაც ზედ -კარტოფილი...
ამაზეც- მადლობელი!
ამაზეც მადლობელი!

. . .

ომიდან მახსოვს
უმთავრესად მე სამი ფერი:
შავი -
რომლითაც იხატება ზამთრის ტყეები,
თეთრი-
რომელიც
ზამთრის ტყეებს ჭირდება ფონად
და კიდევ ფერი
გერმანელი მეომრის ფრენჩის-
თაგვისფერი,
რომელიც მწვანეში გადადის...

Murman Lebanidze - Tagvisferi, Romelic Mwvaneshi Gadadis
მურმან ლებანიძე - თაგვისფერი, რომელიც მწვანეში გადადის

No comments:

Post a Comment