ღამე გაირინდა, როგორც მომაკვდავი,
სულზე დამაფინა სევდის მაქმანები.
ვიცი დრო მოვა და მეც ამ ღამესავით,
რძისფერ ალიონზე ჩუმად გავთავდები.
ახლა ავდგები და ვიდრე დრო ისევ მაქვს,
ფეხით გავუყვები ბილიკს იმ ტაძრამდე,
სადაც მელოდება ჩემი სულის ღმერთი,
თორემ ეშმაკი კვლავ ბნელში მიმაქანებს.
თვალი გადავავლე მთლიან დედამიწას,
უკვე არ მაოცებს ირგვლივ არაფერი.
თურმე მატყუებენ, თურმე კვლავ მყიდიან,
ურცხვად მიღიმიან ისევ წარმართები.
ახლა ისე მტკივა გულთან ყველა ფეთქვა,
ცრემლიც აღარ მომდის, ყელში დატბორილა.
აზრიც არ ჰქონია, რაც არ უნდა მეთქვა,
გრძნობებს გაჰყიდიან, ვითომ არც ყოფილა.
განა წერა მსურდა, გულში ვერ ვატევდი,
წლებად დაგუბებულ, ბგერას გამოუთქმელს.
ღმერთო, დედასავით ძლიერ მენატრები,
სულის ხსნას შეგთხოვ და მოვალ დაგიჩოქებ.
კაცი მაინც ვიყო, სადმე ბნელ სარდაფში,
ფიქრებს დავათრობდი ძველი კონიაკით.
ჩავიძირებოდი ისევ იმ ნატვრაში,
გულს რომ აამღერებს სულის ფორიაქი.
მერე მოვივლიდი ფეხით ყველა ქუჩას,
სევდას გავანდობდი მზისფერ ლამპიონებს,
ღამეს საყვედური, როგორ უნდა ვუთხრა
მე ხომ უიმისოდ რითმებს დავიობლებ.
მარტო დავჯდებოდი სადმე მთვარის შუქზე,
ლექსებს მოვყვებოდი ლოცვად ამბიონზე.
მერე ნამთვრალევი ტირიფებთან ერთად,
ჩუმად ვიტირებდი რძისფერ ალიონზე.
თვალებს დავხუჭავდი, გრძნობას გავათბობდი,
ვიდრე იმღერებდა ღამის როიალი.
კაცი მაინც ვიყო, მეც ხომ დავათრობდი,
ფიქრებს ბნელ სარდაფში, ძველი კონიაკით.
Melano Zukakishvili - Rdzisfer Alionze
მელანო ზუკაკიშვილი - რძისფერ ალიონზე
No comments:
Post a Comment