მურმან ლებანიძე - "წინ მიიწევს ნება-ნება"

წინ მიიწევს ნება-ნება
ამა სოფლის მდგმურთა წყობილება...
ევალება, პოეზიას ევალება
არსებულით
უკმაყოფილება!

შორეული მწვერვალების
სწყურდა ელვარება,
ყოველივე არამდგრადის
სძულდა მოფერება...
ევალება, პოეზიას ევალება
არსებულით
უკმაყოფილება!

კაცთა მოდგმას თუ რამ წინ სწევს, -
დღეის დღეზე ხვალის მჯობინება...
გაანათებს დროთა სივრცეს
არსებულით
უკმაყოფილება!

Murman Lebanidze - Win Miiwevs Neba-Neba
მურმან ლებანიძე - წინ მიიწევს ნება-ნება

No comments:

Post a Comment