დროშებს დაჰბერენ ქარდაქარ,
ჯარები მივლენ ჯარებზე...
შენ საით, ვისკენ, სადა ხარ?! -
დამარცხებულის მხარეზე!..
ცეცხლი კრთის, ცეცხლი გადარბის,
ცეცხლი ბრიალებს ჭალებზე...
შენ საით, ვისკენ, ბათალბეგ?! -
დამარცხებულის მხარეზე!..
ტყვედ მიასხამენ დიაცებს,
ბალღებს აგებენ სარებზე...
შენ საით, ვისკენ, იასევ?!
დამარცხებულის მხარეზე!..
არათუ ხალხის მშობელის, -
შობილის შავ-ბნელ მთვარეზე, -
ხარ ათასწლებში ხმობილი
დამარცხებულის მხარეზე!
ჩანგი გადადე ხანდახან,
პოეტო, ხრმალი ალესე!
შენ საით, ვისკენ, სადა ხარ?! -
დამარცხებულის მხარეზე!
Murman Lebanidze - Droshebs Dahberen Qardaqar
მურმან ლებანიძე - დროშებს დაჰბერენ ქარდაქარ
No comments:
Post a Comment