შენ -
სისხლო ჩემო - სად არ დაღვრილო...
შენ -
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი...
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ -
სისხლო ჩემო -
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი.
ხანძთა.
ვარძია
და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ -
სისხლო ჩემო -
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია.
შენ -
სისხლო ჩემო -
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო...
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.
Muxran Machavariani - Shen, Sisxlo Chemo
მუხრან მაჭავარიანი – შენ, სისხლო ჩემო
No comments:
Post a Comment