მუხრან მაჭავარიანი - ჩემს პატარა ნანას

პაწია ქვაბი ცხელია ვითომ,
ცხადია, იცი, არაა ცხელი
და მაინც ხელში იმარჯვებ ტილოს,
რომ არ დაგეწვას ხელი.

ანდა
თოჯინას სასტიკად ტუქსავ,
საბანს უსწორებ,
უწყრები თითით;
ძალიან კარგად იცი შენ თუმცა,
თოჯინა საბანს ვერ გადაიხდის.

მალე,
სულ მალე,
ოდეს აღარ იქნები ბავშვი
და კაბის ჩაცმა არაერთხელ მოგიწევს შავის;
მაშინაც თუ არ მოიტყუე ასევე თავი,
ასევე თუ არ მოიტყუე მაშინაც თავი,
ვაი, შენ მაშინ!

Muxran Machavariani - Chems Patara Nanas
მუხრან მაჭავარიანი - ჩემს პატარა ნანას

No comments:

Post a Comment